ბრიტანულმა კომპანია Theon Design-მა Porsche 911-ის (964 სერიის) ბაზაზე შექმნილი ახალი რესტომოდი წარადგინა, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით თანამედროვე სპორტულ მოდელებსაც კი უწევს კონკურენციას. ავტომობილი მსუბუქი კონსტრუქციისა და მოდიფიცირებული ძრავის წყალობით სიმძლავრისა და წონის უკეთესი თანაფარდობით გამოირჩევა, ვიდრე თანამედროვე Porsche 911 GT3.
რესტომოდი აღჭურვილია 4.0 ლიტრიანი ატმოსფერული ექვს ცილინდრიანი ბოქსერული ძრავით, რომელიც 421 ცხენის ძალასა და დაახლოებით 440 ნიუტონ/მეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა თვლებზე ექვს საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით გადადის.

ავტომობილის კორპუსის დიდი ნაწილი ნახშირბად-ბოჭკოვანი მასალისგანაა დამზადებული, რის შედეგადაც მისი წონა მხოლოდ მცირედით აღემატება ერთ ტონას. სწორედ ეს უზრუნველყოფს გამორჩეულ დინამიკურ მაჩვენებლებს.
Theon Design-მა ავტომობილს ასევე თანამედროვე ნახევრად აქტიური საკიდარი დაუმონტაჟა. მძღოლს შეუძლია ძრავის, ამორტიზატორებისა და გამონაბოლქვის სისტემის სხვადასხვა რეჟიმი აირჩიოს. ყველაზე აგრესიულ რეჟიმში – Raucus იცვლება უკანა სპოილერის პოზიციაც და გამონაბოლქვის სისტემის მუშაობაც.
სალონი მთლიანად გადაკეთებულია და კლასიკურ სტილს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. ინტერიერში გამოყენებულია Recaro-ს სპორტული სავარძლები, ინდივიდუალურად შექმნილი ხელსაწყოების პანელი, პრემიუმ აუდიოსისტემა და უსადენო დამტენი.

კომპანია წელიწადში მხოლოდ ექვს ასეთ ავტომობილს ამზადებს. თითოეული პროექტი კონკრეტული მყიდველის სურვილებს ერგება – იცვლება როგორც ვიზუალური გაფორმება, ისე ძრავისა და შასის პარამეტრები.
ასეთი ავტომობილის შექმნის ფასი დაახლოებით 430 000 ფუნტიდან (დაახლოებით 580 000 დოლარიდან) იწყება და ეს თანხა დონორი ავტომობილის ღირებულებას არ მოიცავს.