დიდ ბრიტანეთში მცოვრები 20 წლის შაკილ ოსტინი ორი ავტობუსის გატაცებისთვის დააკავეს. როგორც „The Sun” იუწყება, გამტაცებელი ერთხელ ავარიაში მოყვა, მეორედ კი მგზავრები აიყვანა და მთელ ქალაქში გაასეირნა.
ოსტინმა, რომელსაც მართვის მოწმობაც კი არ აქვს, პირველად ორსართულიანი ავტობუსი მოიპარა. ტრანსპორტი მან შუა ღამეს პირდაპირ ავტოპარკიდან წამოიყვანა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ის თეთრ Mercedes-Benz-ს დაეჯახა, თუმცა გაჩერება არც უფიქრია. რამდენიმე საათი ისეირნა და ბოლოს, ავტობუსი თავის ადგილზე დააბრუნა.
ერთი თვის გასვლის შემდეგ ავტობუსების მოყვარული ისევ გააქტიურდა. მან კონდუქტორის ფორმა ჩაიცვა და 12 ტონიანი ტრანსპორტი ნაცნობი ავტოპარკიდან გაიტაცა. ამჯერად ოსტინმა მგზავრებიც აიყვანა და ერთ-ერთ მათგანს საჭის მართვის უფლებაც კი მისცა. ამის შემდეგ მან მგზავრები ჩამოსვა და ავტომობილი პარკინგზე დააბრუნა.
სასამართლოს ინფორმაციით, ოსტინმა პირველი გატაცების დროს ავტობუსი დააზინა, რისთვისაც 5 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, უკანონო საქციელისთვის მას დამატებითი ჯარიმაც დაეკისრება, სასამართლო პროცესი კი 12 ივლისისთვისაა ჩანიშნული.