საქართველოს ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე fortuna.ge-ს ოჯახური ცხოვრების შესახებ ესაუბრა.
თქვენი მეუღლე როგორ გიწყობთ ხელს?
უკვე ორი წელია, დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე არის ნინი კვერნაძე. გვყავს შვილი – შაი. დღის განმავლობაში 6-7- საათი არ ვარ სახლში, ბაზაზე ვვარჯიშობ, შემდეგ ვრჩები აღდგენით პროცედურებზე. ნინია ბავშვთან ერთად, ზრუნავს სახლის საქმეებზე, უვლის ბავშვს, რომ მოვდივარ, მეორე ბავშვს უვლის (იცინის). ფეხბურთელებს სჭირდებათ სპეციფიკური კვება, დასვენება. ნინი ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ დროულად ვჭამო, კარგად დავისვენო. რთულია, რომ უცხო ქვეყანაში ვართ, არ ჰყავს ბევრი მეგობარი აქ. ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში. როცა სახლში ვარ, ბავშვის მოვლაში მეც ჩართული ვარ.
შაი რომ დაიბადა, თქვენ მეუღლის გვერდით არ იყავით…
მაშინ კორონავირუსი მძვინვარებდა, საზღვრები ჩაკეტილი იყო, თბილისში ვერ ჩამოვედი უნგრეთიდან. შვილი ექვსი თვე არ მყავდა ნანახი. ბოლოს, როცა ჩვენი შეხვედრა შედგა, ძალიან კარგად მიმიღო, რადგან ალბათ მაინც იგრძნო, რომ მამა ვარ… დაკარგული ექვსი თვე უკვე ავინაზღაურე, თუმცა ემოციურად არ იყო კარგი პერიოდი. მინდოდა თუ არა, მაინც ბავშვზე ვფიქრობდი და ფეხბურთშიც არ იყო კარგი პერიოდი.
მეუღლეს სიურპრიზებს უწყობთ?
დაბადების დღეზე გავუკეთე სიურპრიზი. მისაღები ოთახი მოვაწყვე ბუშტებით, საჩუქარი და ყვავილები დავუდე. დაბადების დღეებზე ამას ვახერხებ, ყოველდღიურად – ნაკლებად. როცა განსაკუთრებული დღეა, ვცდილობ, რომ გავახარო.