ორშაბათი საღამო აქამდე ცალსახად „რუსთავი 2“-ის დღე იყო, ვინაიდან ტელეარხი დიდი ხანია, ყველაზე რეიტინგულ პროექტებს სწორედ ამ დღეს აკეთებს, საღამოს ათ საათზე მაყურებელი ხან „ნიჭიერს“ ადევნებს თვალს, ხან მუსიკალურ შოუებს, მათ შორისაა „X ფაქტორი“.
„იმედის“ საცეკვაო მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ კი ყოველთვის ხან სამშაბათს, ხანაც ხუთშაბათს გადიოდა. დღევანდელ საღამომდე ცნობილი იყო, რომ შოუ 5 აპრილს, ანუ სამშაბათს გავიდოდა ეთერში, თუმცა „იმედის“ ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელი გადაცემა „პოლიტიკა“ შალვა რამიშვილმა სწორედ ამასთან დაკავშირებული განცხადებით გახსნა:
„გადაცემას ვიწყებთ ძალიან კარგი ახალი ამბით. ორშაბათი იქნება „იმედის“ დღე. ორშაბათს დაიწყება გრანდიოზული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“, მთელი თავისი ბონდარენკოებით, ჩოპრებით და სხვა ვარსკვლავებით. ორშაბათს უყურეთ „იმედზე“ ამ შოუს…“
„იმედის“ მთავარი გზავნილი მაყურებლისადმი აშკარად ის მესიჯია, რომ ორშაბათი მათი დღე უნდა იყოს, ანუ აქვთ იმედი, რომ „X ფაქტორს“ რეიტინგით მოუგებენ. ტელეკონკურენცია აშკარად მძაფრდება.
„იმედი“ ფსონს „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ ჩამოდის, სადაც ქართველებთან ერთად, უცხოელი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის მსახიობები სტანისლავ ბონდარენკო და გაურავ ჩოპრა სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოფრინდნენ საქართველოში და უკვე სხვა მონაწილეებთან ერთად ემზადებიან.
მეორე მხრივ, „X ფაქტორს“, რომელსაც წინა სეზონზე არ აკლდა რეიტინგი, საკმაოდ კარგი სასტარტო პირობები აქვს, საინტერესო ჟიური და როგორც ამბობენ, ძალიან საინტერესო მონაწილეები.
გადავხედოთ შოუების სოციალურ ქსელებს – „რუსთავი 2“-ის შოუს 410 123 ლაიქი აქვს, ხოლო „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ – 30 909. თუმცა მოლოდინი ორივე შოუს მიმართ საკმაოდ მაღალია. ვნახოთ, როგორ გადანაწილდება მაყურებლის ინტერესი…