LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა“ – გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი

598
Untitled design (6)

გორში 4 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ისაუბრა.

მარი გიუნაშვილის თქმით, „მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი“.

„მოკვლევის პროცესში ხდება დეტალების დაზუსტება, გარდაცვალებამდე ბავშვის მდგომარეობის, კლინიკაში ვიზიტების, მიმართვიანობის ინტენსივობის, კონკრეტულ ექიმთან – ნინიაშვილთან კონსულტაციების, ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ და ა.შ. ყველა დეტალი დადგინდება.

ფაქტის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“, – განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

როგორც „ფორტუნას“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა სააგენტომ უკვე დაიწყო.

ცნობისათვის, მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ადგილობრივმა ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

რაც შეეხება კლინიკას, „გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.