23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს სელფი 18 ივლისს, 10:03 წუთზე აქვს გადაღებული. როგორც ოჯახის ადვოკატი “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, გარდაცვალებამდე გადაღებულ ფოტომასალაში საეჭვო არაფერი შეინიშნება. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ინფორმაციამ, რომელიც თამარის პირად მობილურ ტელეფონში ნახეს, გამოძიების მიმართ უფრო მეტი კითხვა და უნდობლობა გააჩინა.
“გადაღების დრო მითითებულია 18 ივლისი, 10 საათი, 3 წუთი და 49 წამი. ამ სელფით ჩანს, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან კარგ განწყობაზე. ჩვეულებრივად, ყოველდღიურად რომ იღებენ სელფებს, ისეთი იყო. სარკესთან დგას, სელფებს იღებს, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, გადაწეული თმებით, ძალიან ლამაზი სურათებია.
არანაირი საეჭვო ქმედება ფოტოებში არ შემიმჩნევია. აი, ხომ არის, რომ თითქოს მოსაგონრად ტოვებ. არა! სულ მცირე 40 წუთი ყველა რაკურსიდან ვუყურებდი ამ სურათებს, მაგრამ არა! ჩეულებრივად, საკუთარ თავს, რომ ეპრანჭები ისეთი სელფია” – აცხადებს ადვოკატი “ფორტუნასთან” საუბარში.
რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, მათ შორის სოციალური ქსელები და ყველა შემომავალი და გამავალი ზარები.
“მკითხა და პასუხს არ დაელოდა” – რატომ ესაუბრა ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილს სიკვდილზე ბოლო შეხვედრაზე
“ფოტოში იგივე მაისური აცვია, რაც გარდაცვლილს ეცვა შემდეგ. ყველაფერი ამოშლილია, ზარები, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ჩატები, ლოკაციები. ვისი ამოშლილია? იმისი, ვისაც აწყობს მასალების ამოშლა. ვისაც ჰქონდა შეხება. ეს არის ძალიან ორგანიზებული და გაცნობიერებული. აქვთ კარგი შეღწევადობა და ძალაუფლებაც. ამის გამკეთებელი ასე უბრალო ან უცოდინარი და დაბალი რანგის ვერ იქნება, ვერანაირად” – განმარტავს რამიშვილი.
ამასთან, როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი გვიყვება, ტელეფონიდან წაშლილი ყველა მასალის აღდგენა შესაძლებელია თუ საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება.
“როდის არის წაშლილი ტელეფონიდან მასალა, ამის დადგენა ფედერალურ ბიუროს შეუძლია. ქართული მხარე ამას ვერ გააკეთებს, გამორიცხულია. ვერ გააკეთებს და არ გააკეთებს, ერთიც და მეორეც.
ოჯახს ამ მასალების ნახვის შემდეგ, უფრო მეტი უნდობლობა გაუჩნდა. გამოძიება გვეუბნება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეს მხოლოდ საუბრად რჩება.
გვეუბნებიან, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, მაგრამ ამავდროულად, შს მინისტრი გვეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩავრთავთო. ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს და კარგად ვიცი, რა არის მსახიობობა.
გამოძიება სიტყვიერად მკვლელობის ვერსიაზე, მაგრამ ფაქტიურად – თვითმკვლელობაზე მუშაობს.
შთაბეჭდილება კი არ მრჩება, რომ ეს ასეა, პირდაპირ ფაქტს გეუბნებით. ძალიან კარგად ვხედავ რასაც მოქმედებენ. მაგალითად, ჟესტიკულაცია, ქმედებები, საუბარი, სპექტაკლები, გამოხატულებები, ვიცი, ეს მე” – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
“მაბრალებენ, რომ გავიყვანე თამარი თეთრიწყაროდან და ბოლოს გავგუდე”- რას ასაჯაროვებს ბაჩანა ლობჟანიძე
მისივე განმარტებით, გამოძიებას აქვს მოლოდინი, რომ გარდაცვლილის ოჯახი რაღაც დათმობებზე წავა, რათა საბოლოოდ, საქმეზე თვითმკვლელობის დასკვნა დადონ. მეტიც, რამიშვილი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, თუ რა მოტივაციით გაამყარებს საგამოძიებო უწყება თვითმკვლელობის ვერსიაც.
ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ, ვფიქრობ, გამოძიება მალე დასრულდება: ვახტანგ გომელაური
“შედეგი იქნება შემდეგი – როგორც კი მე და თამუნას ოჯახი ტემპერატურას დავწევთ და არ გვექნება ასეთი მოთხოვნები, ჩათვალეთ, რომ თვითმკვლელობის დასკვნას დადებენ. გამოძიება ჩვენგან ამას ელოდება. ისიც ვიცი თვითმკვლელობის მოტივაცია რა იქნება” – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება აშშ-სი გაგზავილ წერილს, სადაც ქართული მხარე საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობას ითხოვს, რამიშვილის განმარტებით, წერილის გაგზავნიდან ერთი თვე 27 აგვისტოს შესრულდება, შესაბამისად პასუხი ორ კვირაში გახდება ცნობილი.