მადონას, ადელის, სემ სმიტის, ბილი აილიშის, პოლ მაკკარტნისა და ტინა ტერნერის გვერდით, რომელთაც ჯეიმს ბონდის ფილმებისთვის დაუვიწყარი ჰიტები შექმნეს, შესაძლოა ჩარლი XCX-იც ვიხილოთ.
აღსანიშნავია, რომ თავად მომღერალი ამ პერსპექტივას ჯერჯერობით ეჭვის თვალით უყურებს.
,,გრემის” სამგზის ლაურეტმა არტისტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ემერალდ ფენელის „ქარიშხლიანი უღელტეხილისთვის“ საუნდტრეკი დაწერა, გადაცემაში The Julia Cunningham Show იმის შესახებ ისაუბრა, ისურვებდა თუ არა 007-ის ახალი ფრენჩაიზისთვის მთავარი სიმღერის ჩაწერას იმ ფონზე, როცა Amazon MGM Studios პროექტის განახლებაზე მუშაობს.
„არ მგონია, ამისთვის ვიყო შექმნილი,“ — განაცხადა შემსრულებელმა SiriusXM-ის ეთერში. „ალბათ იმდენად ხშირად ვიყენებ ავტოტუნს, რომ ჯეიმს ბონდის სტილს არ შევესაბამები. თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს. თუ დამირეკავენ, მზად ვარ, თუმცა არა მგონია, ასე მოხდეს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ერთმანეთს არ ვეწყობით, მაგრამ ვინ იცის, ახლა ხომ არაფერია გამორიცხული?“ – დასძინა მან, ბოლოს კი ხუმრობით პროდიუსერ ბარბარა ბროკოლის მიმართა: „დამირეკე, ბარბარა“.
შარშან Amazon MGM Studios-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილმის შემდეგ სერიას დენი ვილნევი გადაიღებს. ახლახან, ცნობილი გახდა, რომ სცენარზე სტივენ ნაიტი იმუშავებს. პროექტს კვლავ ბარბარა ბროკოლი და მაიკლ ჯი უილსონი უხელმძღვანელებენ, აღმასრულებელი პროდიუსერი კი ტანია ლაპოინტი იქნება.
შონ კონერის, ჯორჯ ლეზენბის, როჯერ მურის, ტიმოთი დალტონისა და პირს ბროსნანის შემდეგ, დენიელ კრეიგის შემცვლელი ჯერჯერობით არ შერჩეულა. კრეიგმა აგენტ 007-ის საკულტო როლი ხუთ ფილმში მოირგო: „კაზინო როიალი“ (2006), „მოწყალების კვანტი“ (2008), „სკაიფოლი“ (2012), „სპექტრი“ (2015) და „სიკვდილის დრო არ არის“ (2021).
ცნობისთვის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ საუნდტრეკის გარდა, ჩარლი XCX-ის კარიერა კინოსამყაროშიც აქტიურად ვითარდება. სანდენსის კინოფესტივალზე შედგა მისი ფსევდოდოკუმენტური ფილმის, The Moment პრემიერა. გარდა ამისა, მომღერალმა როლები შეასრულა გრეგ არაკის ფილმში – I Want Your Sex და ქეთი იანის პროექტში – The Gallerist.