თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატოში არ დაუშვებს, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი თურქეთისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებენ.
„შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმი უნდა შეასრულონ. თუ ისინი მას არ შეასრულებენ, ჩვენ მათ ნატოში არ მივიღებთ“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან აღნიშნა, რომ შვედეთმა, ფინეთმა და ნატოს მოკავშირეებმა პატივი უნდა სცენ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და დასძინა, რომ ორი სკანდინავიური ქვეყნის ლიდერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ისინი არანაირ მხარდაჭერას არ გაუწევენ ტერორისტულ ჯგუფებს.
30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.
ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.