28 დეკემბერს, რადიოს „არ დაიდარდო“ და წინასაახალწლო გადაცემას „არის 2022“ მომღერალი მეგი გოგიტიძე, სიმღერის „საფეხურები“ პრემიერით ესტუმრა. მომღერალმა გამართულ კონცერტებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
-მეგი, გუშინ დაბრუნდი მოსკოვიდან. მოგვიყევი გამართული კონცერტების შესახებ…
-პირველი კონცერტი მქონდა პეტერბურგში, კლუბში „კოსმონავტი“, შემდეგი დიდი სოლოკონცერტი მქონდა 18 დეკემბერს, მოსკოვში. ასევე, ადგილობრივ, ძალიან ცნობილ რადიოს „ვერცხლის წვიმა“ ჰქონდა კონცერტები 24-25 დეკემბერს და იქაც შევასრულე რამდენიმე სიმღერა. მქონდა გადაღებებიც.

-როგორ შეაჯამებდი 2021 წელს?
–ზოგადად ვიტყოდი, რომ ყველა წელი რაღაცა მნიშვნელოვანს მაძლევს, შემდგომი განვითარებისთვის.
-მეგი, ძალიან განსხვავებული სტილის სიმღერები გაქვს. თავად წერ ტექსტებს?
–ყოველთვის მიჭირს და მეუხერხულება ჩემს თავზე და შემოქმედებაზე, როგორც „განსხვავებულზე“ საუბარი, მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს ყველაფერი ალბათ იმის დამსახურებაა, რომ არასდროს ვამბობ ჩემს თავზე უარს. ჩემი გამოჩენის პირველივე დღიდან არ შემწყდარა საუბარი ჩემს განსხვავებულობაზე, მაგრამ მე ეს არ მაშინებს. მე მინდა ვიყო ის ვინც ვარ და მინდა ვიარო ღმერთთან ერთად. მე ჩემი თავისთვის ჩვეულებრივი ვარ.
-რამე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?
–როგორც ყველა ოჯახი, ჩვენც ვაწყობთ ნაძვის ხეს და საახალწლოდ ვრთავთ სახლს. ბევრი კონცერტი გადავდე, რომ ოჯახთან ერთად შევხვედროდი ახალ წელს.
-საახალწლოდ თუ მოამზადე კერძები და რამდენად გეხერხება მზარეულობა?
–ძალიან მაგარი კულინარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რასაც ვაკეთებ ყველაფერი ძალიან გემრიელი გამომდის. საახალწლოდ ვეცდები გოზინაყი თავად გავაკეთო. დედამთილი იმდენად კარგი კულინარი მყავს, სასაცილო იქნება, მე რომ დავიწყო კერძების მზადება.
-მეკვლეობის ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?
–ძალიან მიყვარს ეს ტრადიცია. მეკვლეები ბავშვები არიან ხოლმე. შარშან, ისე მოხდა, რომ შემთხვევით პირველი ძაღლი შემოვარდა (იცინის).

-ბედობის გჯერა?
–მე ზოგადად, ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია მიყვარს და ერთ-ერთია ბედობაც. ძალიან ლამაზი ტრადიციაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მჯერა იმის, რომ მთელ წელს ისე გავატარებ როგორც 2 იანვარს.
-ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილების ახდენის თუ გჯერა?
–სიმართლე, რომ ვთქვა აქამდე არ მიცდია, წელს ჩავიფიქრებ და ვნახოთ. თუ რაღაც ძალიან მინდა, ეკლესიაში მივდივარ და ღმერთს ვთხოვ.

-როგორც ვისაუბრეთ ბევრი კონცერტი გქონდა რუსეთში, როდის აპირებ ისევ დაბრუნებას და დარჩენილი კონცერტების ჩატარებას?
–ის ფაქტი, რომ რუსეთში მქონდა კონცერტები საზოგადოებას რამდენად მოეწონება არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ კომპანიასთან მაქვს ხელშეკრულება დადებული და მათ, რა თქმა უნდა აქვთ კიდევ დაგეგმილი კონცერტები და ახლო მომავალში მომიწევს ისევ რუსეთში დაბრუნება. მომავალ წელს ორი ძალიან საინტერესო დუეტის ჩაწერაც იგეგმება, რუსეთში მოღვაწე მომღერლებთან.
-ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „საფეხურები“.
–ეს სიმღერა ნაწილ-ნაწილ მაქვს დაწერილი. ტექსტის ნაწილი დაახლოებით 3 წლის წინ დავწერე, ნაწილი ერთი თვის უკან. ამ ნამუშევარში გაერთიანდა 3 წლის წინანდელი და ახლანდელი ემოციები. ძალიან საინტერესო სიმღერაა, მხიარული, რაც ჩემს რეპერტუარში იშვიათია. კარგი იქნება, ადამიანებმა მოსმენასთან ერთად გაიაზრონ ტექსტიც. ჩემი აზრით, ამ სიმღერაში ძალიან მნიშვნელობანი სათქმელი მარტივი ენით გადმოვეცი. სიმღერის კლიპი მოსკოვში გადავიღეთ. მინდოდა მინიმალისტური, სადა, მაგრამ საინტერესო ნამუშევარი ყოფილიყო. იმედია მსმენელი ისიამოვნებს ახალი ნამუშევრით.
მეგი გოგიტიძე – საფეხურები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მეგი გოგიტიძე. საახალწლო გადაცემა “არის 2022”.
ფოტოები


