ეროვნული გვარდიის იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცი დიმიტრი ცერცვაძე, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული. დიმიტრი ცერცვაძემ სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
როგორც დიმიტრი აცხადებს, ჯარისკაცები სოფელ გლოლაში 4 აგვისტოს დაბანაკდნენ და მას შემდეგ დაკარგულ ადამიანებს მაშველებთან ერთად ეძებენ.
გიზიარებთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ძალიან რთული და ემოციურად მძიმე იყო ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით. მიწის მასა, ქვა, ხის მორები და ტოტები ერთმანეთში იყო არეული. მაშველები წელამდე ლაფში მუშაობდნენ. ადგილზე 90-მდე მძიმე ტექნიკა იყო. იქ ზოგიერთ ადგილზე მიწის მასა 3-5 მეტრამდე აღწევს, ზოგიერთ ადგილზე 6-7 მეტრიც არის. ტრაქტორები მწკრივად, ნაპირიდან მიჰყვებოდნენ და გზას მიიკვლევდნენ. მეც იქვე ვიყავი. როდესაც ტრაქტორის ოპერატორმა კოვშით მიწის მასა ამოიღო და სხვა ადგილზე უნდა გადაეტანა, შევამჩნიე ბავშვის ფეხი – მუხლიდან ქვემოთ… ეს უმძიმესი წუთები არასდროს დამავიწყდება.
– ამის მოსმენაც კი ძალიან რთულია…
– ლუკა „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ, კოტეჯების ქვემოთ. ახალი ძალა რომ დაგვინახა მისული, მამამისი პირველ დღესვე მოვიდა ჩვენთან, რუკით ხელში და გვიჩვენებდა იმ ტერიტორიას, სადაც მისი ოჯახი იყო. მას ცოლი და 3 შვილი ჰყავდა დაკარგული.
– ამ დღეებიდან ემოციურად, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
– მას შემდეგ, რაც აქ ამოვედი, ორნაირი ემოცია მაქვს: არასდროს დამავიწყდება და ჩემი გონებიდან, თვალებიდან არასდროს ამოვა 7 წლის ლუკა დუდაშვილის მამა, როდესაც შვილის ამბავი გაიგო. მეორე ემოცია იყო ადამიანების სტუმართმოყვარეობა, სითბო, მასპინძლობისა და გულისხმიერების საოცარი მაგალითები. ამოდიოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ყველა თავისებურ სითბოს ტოვებდა… ცნობილია, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, რაჭაში ფესტივალი გაიმართა. ეს ტრაგედია თუ მოსახდენი იყო, კიდევ კარგი, იმ დღეებში არ მოხდა ან არ მოხდა ღამის საათებში, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა“, – აცხადებს დიმიტრი ცერცვაძე.