ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული საქმის დაზარალებულის ჩვენებას აქვეყნებს.
საუბარია ქალზე, რომლის მკვლელობა, გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილმა დაუკვეთა. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი მანამდე დააკავა, სანამ საქმეს სისრულეში მოიყვანდა.
როგორც ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ჩვენებით ირკვევა, ალექსანდრე საყვარელიძე ბებიისგან დიდი ოდენობის თანხას სესხულობდა, უკან კი არ აბრუნებდა.
„მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყავდა. აღნიშნულზე ალექსანდრეს ჩემთვის არც უპასუხია, არც უცდია ბოდიში მოეხადა და არც კონტაქტზე გამოსულა.
მე იმდენად გავბრაზდი ალექსანდრეს საქციელზე, მით უმეტეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ, რომ ჩემს შვილს, ილონას ვუთხარი,რომ როცა გარდავიცვლებოდი ჩემს ქონებას ანდერძით დავუტოვებდი ვალერიან ჯიქიას და არა ალექსანდრე საყვარელიძეს…
2022 წლის მარტის თვის შემდეგ ალექსანდრეს და მე არანაირი არც პირადი და არც მიმოწერით კონტაქტი არ გვქონია. ჩემი აზრით, ალექსანდრეს ჩემი მოკვლა უნდოდა იმ ქონების გამო, რომელიც მე მაქვს დაგროვილი და რომლის დატოვებასაც მისი ნახევარ ძმისთვის ვაპირებდი. ასევე მას ჰქონდა მატერიალური პრობლემები და ალბათ, ფიქრობდა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ რაიმე ფინანსურ სარგებელს მიიღებდა.
მე და ალექსანდრეს გვქონია გარკვეული კონფლიქტები ყოფით ნიადაგზე, თუმცა არა ისეთი, რომ ალექსანდრე ან დამმუქრებოდა ან ეთქვა რაიმე ისეთი, რაც მისამართით შიშს გამიჩენდა და დისტანციის დაცვას მაფიქრებინებდა,“- ნათქვამია დაზარალებულის ჩვენებაში.
საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისში 26 წლის მამაკაცი 28 იანვარს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით დაკავებულს დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.
ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.