ნინი შერმადინი აშშ-ში უკვე წლებია ცხოვრობს და 8 წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ის ვოკალის პედაგოგია და ჰყავს როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი მოსწავლეები.
ჟურნალ „სარკესთან“ ის საუბრობს იმის შესახებ, როგორ ასწავლა საქართველოს ჰიმნი ამერიკელ მოწაფეებს.
„უშრომელად არაფერი გამოდის. მთელი დღე გასული ვარ და ვეღარ ვითვლი, რამდენი საათი ვლაპარაკობ და ვმღერი. საკუთარი თავისთვის დრო აღარ მრჩება, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ვხედავ, როგორ დაიწყეს და რა შედეგამდე მივედით. ეს უდიდესი ბედნიერებაა. ამდენი ბედნიერი ბავშვის გაბრწყინებული სახე მართლაც ჯილდოა. ჩემი ორი მოსწავლე ბროდვეის შოუში აიყვანეს. მოკლედ, დიდი გეგმები, მოლოდინები და ამბიციები მაქვს.
ამერიკელ ბავშვებს არ უჭირთ ქართული სიმღერები, რამდენად კარგად ითვისებენ?
ძალიან ადვილად ითვისებენ, თანაც, ძალიან მოსწონთ. საქართველოს ჰიმნი ვასწავლე ყველას. 30 მაისს კლასის კონცერტი მექნება და იქ იმღერებენ ჩვენს ჰიმნს“.
