ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის „მწვანე ქვეყნების” რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო საკმაოდ დიდი ხანი იყო „მწვანე ქვეყნების” რიცხვში და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებლები.
„იმედი მაქვს და ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის „მწვანე ქვეყნების” რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით, თუმცა ევროპაში მოგზაურობისას პრობლემა ისედაც არ არის, PCR-ის ტესტით უშვებენ. ქვეყნებს და მათ წესებს შორისაც არის განსხვავება”, – განაცხადა იმნაძემ.
მან Covid-პასპორტის საკითხზეც ისაუბრა. „ჩვენ ორი მოდელი გვაქვს კოვიდ-პასპორტის, ერთი არის ვებზე მიბმული, ხოლო მეორე აპლიკაცია, საიდანაც მოქალაქეებს სმარტფონში შეეძლებათ მისი ჩამოტვირთვა”, – განმარტა იმნაძემ. მისი თქმით, კოვიდ-პასპორტების გასაცემად გამზადებულია ყველაფერი, მაგრამ ელოდებიან საერთაშორისო რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პაატამ იმნაძემ ყურადღება გაამახვილა სახმელეთო საზღვრების გახსნა იყო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
“მაგალითად, თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამიც“ არის, „ბრაზილიური შტამიც“ და „ინდური შტამიც“. მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენს ქვეყანას რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა?! აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება მოყოლებული ზამთრიდან გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო… ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა იმნაძემ.