LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი შვილია და რასაც მინდა გავუკეთებ, რასაც მინდა ჩავაცმევ, როგორც მინდა ისე მოვექცევი” გამართლებული არ არის – თამარ გაგოშიძე

 შვილი, როგორც ინსტრუმენტი და საშუალება –  ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე მარი მალაზონიას გადაცემაში ,,პირადი ექიმი”.

– ჩვენი დღევანდელი თემა ძალიან საინტერესოა. როგორ იქცევა შვილი მშობლის ბიოლოგიურ პროდუქტად და როდის აღიქვამს მშობელი შვილს, როგორც ინსტრუმენტს და საშუალებას? ხშირად მშობლებს შვილების მიმართ გაუცნობიერებლად აქვთ სწორედ ასეთი დამოკიდებულება და ამის გამო შვილი ხშირად ხდება აღნიშნული გარემოების მსხვერპლი. თუ შეიძლება გვესაუბრეთ ამის შესახებ.

ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და იმისთვისაც, რომ ასეთი თემა აირჩიეთ. ეს თემა საინტერესოა, თუმცა არ არის მარტივი. ყველა მშობელს უყვარს შვილი და ცდილობს, საუკეთესო მისცეს მას და როგორც ჩვენში უყვართ თქმა, მოუწყოს საუკეთესო ცხოვრება. ამ დროს ხშირად მშობელი ვერ აცნობიერებს, რომ იგი შვილს უყურებს, როგორც მომხმარებელი. უყურებს როგორც ობიექტს და ამას ვერ აცნობიერებს. ვფიქრობ ბევრი მშობელი, რომელიც ახლა გვიყურებს, შესაძლოა გაგვინაწყენდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მიდგომა: ,,ჩემი შვილია და რასაც მინდა გავუკეთებ, რასაც მინდა ჩავაცმევ, როგორც მინდა ისე მოვექცევი” და ა.შ გამართლებული არ არის.

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვიცით, ადამიანები არიან პიროვნებები და ბავშვი იზრდება მომავალ პიროვნებად. მას ყოველთვის სჭირდება თავისი პირადი, პერსონალური სივრცე და ასევე თავისუფალი არჩევანიც. თუმცა მშობლები ხშირად შვილს თავისუფალ არჩევანს არ უტოვებენ და ცდილობენ მის მაგიერ გადაწყვიტონ ყველაფერი.
ესაა საკითხის ერთი მხარე. არის კიდევ მეორე მხარეც. ყველა ადამიანს აქვს მიზანი ან ოცნება, რომლის რეალიზებაც ვერ შეძლო. მაგალითად, სურდა გამოსულიყო მომღერალი, მოდელი, მეცნიერი, განსაკუთრებით წარმატებული ადამიანი. მშობელს უნდა, რომ მისი ოცნება მისმა შვილმა აისრულოს, გახდეს წარმატებული, მდიდარი, ოღონდ არ კითხულობს გახდება თუ არა ის ბედნიერი ამ ყველაფრით. და მე ვფიქრობ , რომ ზუსტად ესაა მომხმარებლური დამოკიდებულება. მუდმივი შთაგონება შვილისთვის, რომ ის უნდა იყოს ასეთი, ისეთი, რომ ვიღაც უნდა გამოვიდეს. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ჩვენი შვილების მომავალზე, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს ფიქრი შვილის მაგივრად. ასეთ დროს მშობელი ვერ აცნობიერებს, რომ ის კარგს არ უკეთებს თავის შვილს, პირიქით, საპირისპიროშია დარწმუნებული.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ხშირად მშობელს აქვს წარმოსახვა როგორ გახდება მისი შვილი მდიდარი და წარმატებული ისე, რომ არც ფიქრობს გახდის თუ არა ეს მის შვილს ბედნიერს. ახლა შეიძლება მშობლები გვიყურებენ და ფიქრობენ: თუ ჩემი შვილი ნიჭიერია რატომ არ უნდა ვეცადო, რომ წარმატებას მიაღწიოს? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი? ამაზე რას გვეტყვით?

დიახ, ამ საკითხის სირთულე იმაშია, რომ თავისთავად ამ სურვილში ცუდი არაფერია. როცა მშობელს უნდა ხელი შეუწყოს შვილს, მისი ნიჭი განავითაროს, გზაზე დააყენოს, ეს მშობლის მოვალეობაა. მაგრამ აქ არის ზუტად ის მყიფე ზღვარი, როცა ჩვენ შეიძელბა მის სივრცეში შევიჭრათ.
ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში გვაქვს ასეთი მაგალითი: როდესაც სახლში ვარდი და მიხაკი გვაქვს, ჩვენ მათ ვუფრთხილდებით, ვუვლით, წყალს ვუსხამთ, მაგრამ არ ვცდილობთ ვარდი მიხაკად გადავაკეთოთ და მიხაკი ვარდად. ვიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან. შვილების მიმართ კი იგივე დამოკიდებულებას იშვიათად შეხვდებით.
საქმე იმაშია, რომ მშობელი შვილისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი და ყველაზე დიდი ავტორიტეტია და როცა ბავშვი, მითუმეტეს ნიჭიერი ბავშვი ხედავს, მშობელი მასზე როგორ იმედებს ამყარებს, მას არ სურს იმედი გაუცრუოს მშობელს. ეს ხშირად ხდება ძალიან დიდი წნეხი და ძალიან შფოთვის წყარო ბავშვისთვის.

– ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი სწორედ მშობლების მოლოდინებთან დაკავშირებით და იმაზეც, თუ რამდენად უნდა იტვირთებოდნენ ბავშვები. როგორც აღნიშნეთ, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები უფრო ხვდებიან წნეხის ქვეშ…

ნიჭიერი ბავშვი ყველაფერს გააკეთებს და თავიდან დაღლას ვერ იგრძნობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს – ნიჭიერ ბავშვს უდიდესი რესურსი აქვს, მაგრამ არა ამოუწურავი. ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ უმკლავდება ბავშვი თავის ემოციურ მდგომარეობას და ზოგადად როგორი ემოციური რეგულაცია აქვს. ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემების მიზეზი ბავშვობიდანვე არის სწორედ ემოციური რეგულაციები. ბავშვი ხედავს, რომ მშობელს უდიდესი მოლოდინი აქვს მის მიმართ, შეიძლება სიტყვიერად არც მოითხოვდეს მისგან, რომ იყოს საუკეთესო, მაგრამ ბავშვები დამოკიდებულებას ყოველთვის ხვდებიან. ხშირად ისეც ხდება, რომ მშობელი ობიექტურად ვერ აფასებს შვილის შესაძლებლობებს. არ ითვალისწინებს, რომ ბავშვს რესურსი არ ჰყოფნის. მშობელს კი უნდა მისგან ვუნდერკინდი გამოძერწოს.

– მაყურებელი: ქალბატონო თამარ, რას გვირჩევთ, როგორ ვესაუბროთ ბავშვებს? ხშირად ვუთხრათ ფრაზები :,,შენ შეგიზლია, შენ გამოგივა, შეძლებ, ძალიან ჭკვიანი ხარ” და ა.შ თუ რეალობასთან უფრო მიახლოებულად უნდა ვისაუბროთ და თუ ვიცით, რომ მას რაღაც კონკრეტული არ გამოსდის არ წავახალისოთ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა?

მიმაჩნია, რომ სჯობს არ ვუთხრათ, რომ ჭკვიანი და გონიერია. არა იმიტომ, რომ ეს ცუდია, არამედ იმიტომ რომ ამას ყოველთვის ხომ არ ვეტყვით. და როცა არ ვეტყვით, მას შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ არაა ჭკვიანი. ხანდახან მართლა ჭკვიანი ბავშვები ასეთი ფორმით შექების გამო წნეხის ქვეშ ექცევიან და თვითონვე ითხოვენ საკუთარი თავისაგან, რომ მუდამ ყველაზე ჭკვიანები იყვნენ. აქ ისევ მივდივართ იმ სურვილთან, რომ შვილს არ სურს მშობელს მოლოდინები გაუცრუოს. ამიტომ თვლის, რომ მუდამ ყველაზე ჭკვიანი უნდა იყოს.
ბავშვის თვითშეფასების ფორმირება ხშირადაა დამოკიდებული შეფასებებზე მშობლების და მასწავლებლების მხრიდან. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ჩვენ რატომღაც ყოველთვის ბავშვის ნიჭს ვუსვამთ ხაზს და არა მის შრომას. ნაკლებად გაიგებთ, რომ მშობელმა შვილი შეაქოს იმის გამო, რომ მან ბევრი იშრომა და დიდი ძალისხმევა დახარჯა. სამაგიეროდ მუდამ აქებენ იმის გამო, რომ ჭკვიანი და გონიერია. არადა ნიჭი ისეთი რამაა, რომ ადამიანი ნიჭით ან იბადება, ან არა. თუ ადამიანს ნიჭი აქვს, შეიძლება ის განავითაროს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში წავახალისოთ ბავშვის შრომა,მის მიერ დახარჯული ძალისხმევა, რადგან ადამიანი თუ დაიბადა ნიჭით, ეს მისი დამსახურება არ არის. ჩვენ უნდა წავახალისოთ არა მოცემულობა, არამედ ის, რაც ადამიანმა უნდა გამოიმუშავოს. ახლა მახსენდება ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ვერ შედგა. და ვერ შედგა სწორედ იმის გამო, რომ მას ამ ნიჭის გამო უზარმაზარი ტვირთი დააწვა მხრებზე და იმის გამოც, რომ ფასდებოდა მისი ნიჭი და არა მისი შრომა.