„ქართული ხმების“ კონცერტის მერე, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ გაიმართა და ცნობილი ანსამბლი სრულიად ახალი პროგრამით წარდგა მონატრებული მსმენელის წინაშე, ჯგუფმა თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინა. ბიჭები ბევრად აქტიურები არიან და ხშირად ჩანან კონცერტებსა თუ სხვადასხვა ტელეეთერში ახალ-ახალი შესრულებებით.
ქეთი გაბისიანის ვერსიით შესრულებული „ავადა ვარ, ავადა“ კი ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული ქართული სიმღერა გახდა.
ერთ-ერთ სოლოს ამ სიმღერაში ასრულებს „ქართული ხმების“ წევრი, კახა გრიგალაშვილი, რომელსაც აქამდეც არაერთხელ ჰქონია შესანიშნავი გამოსვლები წლების განმავლობაში, მაგრამ ამ სიმღერის გამო კოლეგებისა თუ უბრალო მსმენელისგან უდიდეს კომპლიმენტებს იღებს.
კახა გრიგალაშვილი fortuna.ge-სთან საუბრობს ახალი ეტაპის შესახებ, რომელიც ანსამბლ „ქართულ ხმებს“ აქვს.
ყველაფერი დაიწყო „ქართული ხმების“ ბოლოდროინდელი კონცერტიდან. რატომ გვაკლებდით ამ სიამოვნებას ბევრი წლის განმავლობაში და რატომ იყო პასიური ჯგუფი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს?
რიგი მიზეზების გამო… მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კარგად მოგეხსენებათ ჩვენს გულშემატკივრებს – ზურა ბაკურაძის გარდაცვალება… ამან გამოიწვია დიდხნიანი პაუზა. ამასთან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო ის, რომ ანსამბლისგან, რომელიც მიჩვეული გახლდათ მაღალი მუსიკალური თამასის დაჭერას, მაყურებელი და მსმენელი მუსიკალურ ექსპერიმენტებს არ მიიღებს, თუ კარგად არ გამართე… ბევრი ვეძებეთ, ხან რა სიმღერა გავაკეთეთ, ხან ეს ვერსია, ხან – ის, წლები გვქონდა პროექტები, მაგრამ მსმენელმა არ აიტაცა, ალბათ, იმიტომ, რომ არ იყო ისეთი საინტერესო…
ამ ძიებ-ძიებაში შევაწუხეთ ბევრი ხალხი. ანსამბლის წევრის დათო უგრელიძის მეუღლემ, გვანცა მეფარიშვილმა საინტერესო იდეა მოიფიქრა. ოჯახშიც სულ ესმოდა იმის შესახებ, რომ ჩვენ გვინდოდა, მადლობა გვეთქვა იმ ადამიანებისთვის, წინა თაობისთვის, ან ჩვენი თაობის წარმომადგენლებისთვის, ვინც ქართულ სიმღერაში თავისი საქმე აკეთა ან ჩვენამდე, ან ჩვენთან ერთად… სუფრასთან, ყოველდღიურ საუბრებში – გვანცამ ძალიან კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება. კონცერტი ამ მიზეზით გენიალური საშუალება იყო, რომ მადლობა გადაგვეხადა ასეთი ადამიანებისთვის, არ მინდა, ჩამოთვლისას ვინმე გამომრჩეს – ვისთანაც ჩვენ გვქონია უშუალო შეხება და ქართული სიმღერას ანა-ბანა გვასწავლა… უამრავი სხვა კონცერტის გაკეთებაც შეიძლება კიდევ სხვა ადამიანების შესახებ, ბოდიშს ვუხდი, ვინც ვერ ვახსენეთ ამ პროექტში… რა თქმა უნდა, ისინიც მოიაზრებიან…
ამდენხნიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დადგომა არ იქნებოდა ადვილი. ვიცი, რომ დიდი შრომა დაგჭირდათ, ფორმაში რომ ჩამდგარიყავით...
ბევრ სირთულეს წავაწყდით ფიზიკურად, მენტალურად, ვოკალურად, ყველანაირად – ალბათ, დაგროვილი გამოცდილება მოგვეხმარა, მხოლოდ ფიზიკურობაზე რომ ყოფილიყო, შეიძლება, ვერ გაგვეძლო, ისეთი დატვირთვით დავიწყეთ ქეთი გაბისიანთან ერთად მუშაობა. როგორც სპორტსმენის შემთხვევაში გამორიცხულია სერიოზული სპორტული შედეგი ვარჯიშისა და შრომის გარეშე, ასევეა მუსიკოსისთვის – რეპეტიცია, მის გარეშე ფორმიდან ვარდები. 9 კაცის ერთად დადგომა, ისევ ერთად ამღერება, თან, როცა ორი ახალი წევრი გყავს, ბალანსის დაჭერას და თავიდან შემღერებას გულისხმობს. მზადების პროცესში ერთმანეთსაც ვუბრაზდებოდით, ერთმანეთისგან განსხვავებული 9 ადამიანი ვართ, გვაერთიანებს მეგობრობა და ძმაკაცობა და ქართული სიმღერის სიყვარული…
ქეიფის სიყვარული…
ესეც ჩვენი ცხოვრების თანმდევია… მაგრამ მას შემდეგ, რაც კონცერტამდე სამი-ოთხი თვით ადრე შევიკრიბეთ, საათის მექანიზმივით ვიყავით. იმ კონცერტის შემდეგ, გულშემატკივარიც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა მსმენელს შორის.
რა იყო ყველაზე სასიამოვნო გამოხმაურება კონცერტის შემდეგ?
შენ რომ იმ კონცერტზე მეკითხები, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ასე გვეკითხება ბევრი სხვაც… ბევრი სიმღერა გაცოცხლდა და სულ სხვა თვალით დავანახვეთ და წარმოვუდგინეთ მსმენელს. გვიხარია, რომ ბევრის გულამდე მივიდა ახალი ვერსიები, მათთან, ვისაც ჩვენი შემოქმედება უყვარს…
შენი სოლო სიმღერიდან „ავადა ვარ, ავადა“ მართლაც შესანიშნავია… ბევრი აღნიშნავს ამას. თავადაც ხუმრობით დაწერე, რომ სხვა უფრო „დიდი“ სიმღერებიც შეგისრულებია, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ მიგიღია…
გულწრფელად გეტყვი, ამ სიმღერის კეთება რომ დავიწყეთ, ჩვენს ბავშვობაშიც და წინა თაობაშიც ხშირად მღეროდნენ, მეგონა ქალაქური ფოლკლორი… როცა ჩავეძიე, გავიგე, რომ სულხან ცინცაძის იყო… ათასი ვერსია გვაქვს მოსმენილი, სხვადასხვა გადაკეთებული ტექსტით. ძველ თბილისში დავიბადე და გავიზარდე… რეპეტიციაზე სხვანაირად ვმღეროდი, მაგრამ მერე სხვანაირად მომინდა, თან, იმას ვფიქრობდი, უნდა გამერისკა თუ არა, რადგან არასწორად გაგების რისკი იყო… შეიძლება, სწორადაც იმღერო, მაგრამ მსმენელმა არ მიიღოს. ძალიან ბევრ რთულ სიმღერას შევეხე, ვიმღერე და მაყურებელს სცენიდან არ გავუგდივარ, ე.ი. რაღაც გამომივიდა აქამდე, მაგრამ ხუმრობით ვთქვი, სანამ ქუჩა-ქუჩა არ ვიფორთხიალე, ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ სიმღერა შემიძლია-მეთქი (იღიმის). სახასიათო სამღერია, ჩემს ხასიათში ზის, მიყვარს ქუჩა-ქუჩა ხეტიალი… (იღიმის).
შენს ცხოვრებაში თუ იყო რთული პერიოდი, რომელიც სიმღერამ გადაგალახვინა?
სულ იყო ასეთი პერიოდები… შეიძლება, ძალიან მაგარ ხასიათზე ვიყო, მაგრამ იმ მომენტში სიმღერა არ მომინდეს, შეიძლება, ვიყო გამოუვალ მდგომარეობაში, თავად, პიროვნულად, ან ვიღაცის გამო განვიცდიდე და საჭესთან ვღიღინებდე. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, ამ დროს ასე არაა… რეალურად, ჩემს ცხოვრებას მუსიკა და ქართული სიმღერა შველის. რომ არ მემღერა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, არ ვიცი. რაღაცას მოვძებნიდი, მაგრამ ასეთი საინტერესო ვერ იქნებოდა…

რა პროფესია გაქვს?
ჰიდროლოგი ვარ.
ძალიან ახლოსაა სიმღერასთან…
(იღიმის) ჰიდროლოგიასაც ქუჩა-ქუჩა ხეტიალი უნდა. არასდროს მიმუშავია ამ პროფესიით, სამწუხაროდ, თუმცა ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ძალიან ახლოსაა ჩემი ცხოვრების წესთან, სულ წყალთან, ზღვასთან, მთასთან ახლოს ვარ…
ცხოვრების წესი ახსენე, როდისმე თუ გინანია შენი ცხოვრების წესის გამო?
არასოდეს. სინანული ღმერთთან მაქვს. თუ მივაღწიე გარკვეულ ასაკამდე, ალბათ, მერე უფრო ვინანებ. ბევრი რამ ვერ ან არ გავაკეთე, როგორც მინდოდა… შეიძლება, არ ვარ დავარცხნილი და კარგი ხასიათის ბიჭი, მაგრამ სიმღერამ ბევრი სიტუაციიდან გამომაძვრინა…

ხომ არ გინანია ის, რომ სოლო სიმღერა უფრო მეტი არ შეგისრულებია…
ბავშვობიდან სულ მიჩიჩინებდნენ, რომ სოლო შემესრულებინა, მაგრამ უფრო გუნდური მოთამაშე ვარ.
ფეხბურთი უნდა გეთამაშა…
სხვათა შორის, კარგად ვთამაშობდი. ჩემი ვაჟი თამაშობს, სამაგიეროდ, ძალიან კარგად. საფეხბურთო კლუბი „სპაერი“ გადავიდა უმაღლეს ლიგაში, ისტორია დაწერეს ბიჭებმა და გიორგიც ამისი მონაწილეა.
რაც შეეხება სოლოს, მქონდა რამდენიმე მცდელობა, ანსამბლშიც მაქვს სოლოები. არ ვერიდები… არ მინანია და არც ვნანობ. ცალკე ბევრი რამ შეიძლება ვერ გავაკეთე, მაგრამ ბიჭებთან ერთად, ამ სფეროში, მგონია, რაღაც გამომივიდა…

რა იქნება წინ?
„ქართული ხმები“ აღარ უნდა გაჩერდეს. გვაქვს გამოცდილება, რას ნიშნავს გაჩერება და აღარ ვაპირებთ. განახლებული რეპერტუარით ვართ, დაგვემატნენ ბადრი და გედი და არ შეიძლება, არ აღინიშნოს ამ ბიჭების ძალა, მადლი და ღვაწლი, ჩვენზე ასაკით პატარები არიან შედარებით, მაგრამ ძალიან ვმეგობრობთ… ბიოლოგიაც თავისას შვრება, დიდი ენერგიით შემოვიდნენ, ჩვენ კი დავხვდით ჩვენი ენერგიითა და გამოცდილებით. ვართ ერთი დიდი ოჯახი და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ბოლომდე უნდა მივიტანოთ, სანამ ცოცხლები ვართ და გადავცეთ მომავალ თაობას.
