LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს თავს დაუჯერებელი ამბავი ხდება…საოცარ თავგადასავალში ვმოგზაურობ” – რას წერს ნანა გეგეჭკორი

328
ნანა გეგეჭკორი

საოცარი შემოთავაზებები მიდევს ამ წუთას პორტფოლიოში წლიური ხელფასით ოთხასი ათასი დოლარიდან ზემოთ. და ეს ყველაფერი ყოველგვარი პროტექციის, ხელის წაკვრის, კონტაქტების გარეშე, – აღნიშნულის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ნანა გეგეჭკორმა მედიცინის სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

“პირად მიღწევებზე თითქმის არასდროს ვწერ, ძალიან მეუხერხულება ხოლმე, მაგრამ იმ ქვეყანაში სადაც ქალებს ყოველ დღე ამცირებენ და კლავენ, საჭიროა ბევრმა ახალგაზრდა გოგომ იცოდეს, რომ ის ზუსტად იგივე გონებრივი პოტენციალით იბადება როგორც მამაკაცი თანატოლი და ყველაფერი რასაც საკმარისად მოინდომებს მათზე უკეთესად თუ არა უარესად არ გამოუვა…

ახლა ემოციები ყურებში გულისცემად მიფეთქავს და ვრცლად მოგვიანებით მოვყვები ამ თავგადასავალს. მოგიყვებით თავგადასავალს, შესაძლებლობების, ადამიანის ბედნიერების და სიცოცხლის უფლებების საუკეთესოდ დამცველ ქვეყანაზე…

ჩემი ამბავი სინამდვილეში იმაზეა თუ რატომ უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ დემოკრატიული, ადამიანების თანასწორობის, მათი შრომის, სწავლის, სიცოცხლის უფლებების გარანტი სისტემების ქვეყანა გქონდეთ, რათა თქვენმა შვილებმა თავიანთი ტალანტის და მონდომების შესაბამისი მომავალი შეიქმნან.

ბოლო რამდენიმე თვეა საოცარ თავგადასავალში ვმოგზაურობ. კარდიოლოგიის ფელოუშიპის დასასრული მოახლოვდა და სამსახურის ინტერვიუების სეზონი გავიარე. წარმოუდგენელ ადამიანებს შევხვდი მსოფლიო და ამერიკული საუკეთესო კლინიკების რეიტინგების პირველი ოცეულიდან ძირითადად. საოცარი შემოთავაზებები მიდევს ამ წუთას პორტფოლიოში წლიური ხელფასით ოთხასი ათასი დოლარიდან ზემოთ. და ეს ყველაფერი ყოველგვარი პროტექციის, ხელის წაკვრის, კონტაქტების გარეშე. რთულია სიტყვებით გადმოვცე პატივისცემა და აღფრთოვანება რითიც კარდიოლოგიის ვარსკვლავებმა გამანებივრეს ინტერვიუების პროცესში. მათთვის მართლა არავინ ვიყავი გარდა იმისა, რაც ჩემს პროფესიულ განვლილ გზაზე და ცოდნის და უნარების ნაკრებზე იცოდნენ.

მხოლოდ საკუთარი ცოდნა, მონდომება, და საქმისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ამ ქვეყანაში შენს ბედს. არავის აინტერესებს შენი წარმოშობა, სოციალური მდგომარეობა, რელიგიური თუ პოლიტიკური ორიენტაცია. ის რაც საქართველოში ხშირად დაცინვის საგანია, სოფლიდან ან რომელიმე პატარა ქალაქიდან რომ ხარ წარმოშობით, აქ მხოლოდ დამატებით ღირსებას გმატებს, რადგან იციან იქიდან ვარსკვლავურ კლინიკებამდე გზა უფრო გრძელი და რთულია და ვინც ამ გზის გავლას ახერხებს ბევრად მეტად ფასდება ვიდრე სათბურში გამოზრდილი თანატოლები.

და ეს ყველაფერი არაა… ჩემს თავს უფრო დაუჯერებელი ამბავი ხდება. კარდიოლოგიას ბაკულევის კლინიკაში რომ შევეხე, მივხდი იქ დრო ბევრად უფრო წინ იყო ვიდრე საქართველოდან ჩამოსული გოგოს საათი აჩვენებდა. ამ შეგრძნებას ელექტროფიზიოლოგიის საოპერაციოები ამძაფრებდა, კოსმიური ტექნოლოგიებით და ურთულესი პროცედურებით. მაშინ დავავადდი ელექტროფიზიოლოგიაზე ფიქრით. ოღონდ ოჯახური მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს ხანგძლივი სწავლის პროცესში დავრჩენილიყავი.

ზოგადი კარდიოლოგიის და მეცნიერ თანამშრომლის კარიერით გავაგრძელე მაშინ. მერე მეუღლის გამო ნიუ იორკში მომიწია გადმოსვლამ. ზუსტად 13 წელი შესრულდა გუშინ ამ დღიდან. კარდიოლოგიის ძალიან კარგი კარიერა დავტოვე და ენის უცოდინრად გადმოვედი ამერიკაში. დოქტორის ხარისხით და კარდიოლოგის ლიცენზიით, მაგრამ აქ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა.

ყველაფერი ენის სწავლით დაიწყო. ორ ძუძუმწოვარ პატარასთან ერთად ჩაბარებულ ურთულეს სალიცენზიო გამოცდებს, პოსტსადოქტორო ფელოუშიპი ნიუ იორკის მაუნტ სინაიში და სამსახურის მიერ სრულად დაფინანსებილი მაგისტრატურა მოყვა კლინიკურ კვლევებში მათივე სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე. შეუსვენებლად რეზიდენტურაში გავაგრძელე ისევ ნიუ იორკში. მეგონა ყველაფერი ზოგადი კარდიოლოგიის ფელოუშიპით დასრულდებოდა და სწავლა ბოლო-ბოლო დამღლიდა. მითუმეტეს როცა ნებისმიერი კარდიოლოგისთვის საოცნებო კონტრაქტები ამ წუთას ასარჩევად მაქვს.

მაგრამ… ელექტროფიზიოლოგიის ინტერესმა არასდროს დამტოვა. გადავწყვიტე ამჯერად ჩემს მაგივრად სამყაროს გადაეწყვიტა და კონკურენციაში სრულიად უჩვეულოდ ჩავერთე. კონკურენცია ელექტროფიზიოლოგიის წამყვან პროგრამებში იმდენად დიდია, რომ როგორც წესი აპლიკანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა პროგრამაში აკეთებენ განაცხადს და უსასრულო ინტერვიუების პროცესის მერე მორჩილებით ელიან “match day”-ს. წელს ასეთი მაგიური დღე 30 ნოემბერი იყო.

ცხოვრების ამ ეტაპზე, სამ ენაზე, სამ ქვეყანაში ამდენი სწავლის მერე, გადავწყვიტე რომ პროფესიულ ოცნებებს უკვე ვეღარ ვდევდი მთელი ქვეყნის მასშტაბით. რთულია ოჯახი აყარო და ფელოუშიპისთვის ბავშვებს უცხო გარემოს შეგუება აიძულო. ამჯერად ვიფიქრე თუ პროფესიული ოცნება თვითონ მდევს და მოვა ჩემთან მხოლოდ მაშინ გავაკეთებ ელექტროფიზიოლოგიის ფელოუშიპს. სრულიად არაორდინარული გადაწყვეტილება მივიღე.

მხოლოდ ერთ პროგრამაში გავაკეთე აპლიკაცია. პროგრამაში რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. ელექტროფიზიოლოგიის ინოვაციების დიდი ნაწილი მათგან იწყება და გუნდი რომელიც იქ მუშაობს ნამდვილი ვარსკვლავებისგან შედგება. ან სულ ან არაფრის პრინციპი იყო, მაგრამ ეს კარი თავში აუცილებლად უნდა მიმეხურა ან ახალი გზის დასაწყისი გამხდარიყო, სხვანაირად დამრჩებოდა შეუსრულებელი სურვილის განცდა.

აჰა “match day”-ც დადგა. ერთადერთ პროგრამაში გაკეთებული აპლიკაციით ელექტროფიზიოლოგიის ფელოშიპიც დაიწყო. მომდევნო ორი წელი ურთულესი და დამქანცველი შრომის და სწავლის უსასრულო მარათონი იქნება, მაგრამ ამჯერად ის მაინც ვიცი, რომ კარდიოლოგიაში მეტი არაფერი დარჩა გასაკეთებელი. რეზიდენტურა, ზოგადი კარდიოლოგიის ფელოუშიპი, სადოქტორო, პოსტსადოქტორო ფელოუშიპი, მაგისტრატურა კლინიკურ კვლევებში ეს ყველაფერი უკვე გავლილია. როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა დღეს ფინიშის ხაზამდე საბოლოო გარბენის ათვლაც დაიწყო.

პატიოსანი, თავდაუზოგავი შრომით, დამოუკიდებლად მიღწეულ მიზნებზე დიდი ბედნიერება მართლა არ არსებობს. ახალგაზრდებს გირჩევთ, არასდროს მიიღოთ საჩუქრად საკუთარი მომავალი. არასდროს დაიხმაროთ დედ-მამა-ბებია-ბაბუა-მინისტრი ნათესავები თქვენი ცხოვრებისეული და პროფესიული გზის გასავლელად. თქვენით სცადეთ ყველა სირთულის გავლა და საკუთარი თავის და მომავლის შექმნის უგემრიელესი გრძნობით დაჯილდოვდებით.

და ბოლოს ეს ამბავი არაა ჩემზე მხოლოდ. ის ამერიკაზეა, წარმოუდგენელი შესაძლებლობების ქვეყანაზე და იმ ადამიანებზე ვისმა უპირობო სიყვარულმა ა, ნდობამ და გვერდში დგომამ შემაძლებინა წიგნებსა და მორიგეობებში გათენებული ღამეებისთვის გამეძლო. საოცარი ოჯახი მერგო სამყაროსგან, მეუღლე, დედა, ძმა, რძალი (უფრო საუკეთესო მეგობარი) ბიძები, ბიცოლები, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილ-დეიდაავილ-მამიდაშვილები, გიორგის მშობლები, ძმა და რძალი, მეგობრები, არაჩვეულებრივი შვილები რომლებიც არასდროს აპროტესტებენ დედის მოუცლელობას. მათი დამსახურებაა ყველაფერი რაც გამომივიდა.

გიორგის მშობლებს დავეკითხე რჩევა ფელოუშიპის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებისას. მამამ მითხრა, შვილო მე დაგილაგებ სახლს და მიგიხედავ ბავშვებს ოღონდ შენ უარი არ თქვა შენს ოცნებაზეო. ასეთი სიყვარული ცხადია ადვილად აგაფრენს ცაში და ვარსკვლავებსაც კი დაგაკრეფინებს.

P.S. ქვემოთ იპოვით Mount Sinai ჰოსპიტალს მსოფლიო და ამერიკულ რეიტინგებში”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ამავე თემაზე:

ნანა გეგეჭკორი: “ქვეყანაში, სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს თუ რელიგიური ორგანიზაციების დონეზე?”

ნანა გეგეჭკორი: 13 წლის ბავშვი, სასკოლო საათებში, შადრევანში გაჟონილმა დენმა მოკლა და რა პასუხები ჰქონდათ მათ, ვისაც ამ ბავშვის სიცოცხლე უნდა დაეცვა..

„ამ დღეს მოადგა სიკვდილს გამოქცეული მთელი ნათესაობა ბებიას ეზოს…“ – ნანა გეგეჭკორი სოხუმის დაცემის დღეს ემოციურად იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g