ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ამ დრომდე გადაადგლება აკრძალულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დრომდე ადგილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა სამუშაოებს დაბალი ხილვადობა აფერხებს.
უწყების პრესსამსახურის განცხადებითვე, ტერიტორიაზე მიღებულია უსაფრთხოების მაღალი ნორმები და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხვალ დილით იგეგმება შესაბამისი ტექნიკის შეყვანა და ტერიტორიის გასუფთავება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება გზაზე გადაადგილება.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა. თუმცა, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ გახდა საჭირო, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.
