ჭიათურის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზის სადგურის მშენებლობისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ჩატარდება.
ძველი საბაგირო სადგურების, ხაზებისა და საყრდენი სვეტების სადემონტაჟო სამუშაობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის 30 ათასი ლარი გამოიყო.
სამუშაოები „ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში ჩატარდება, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 13 მლნ ევროთი დააფინანსებს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მიმართულებაზე ჩატარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2480 მეტრია. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლუატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირ-გზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა.
