LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში უნიკალური სახალხო-სამგზავრო ტრანსპორტი აღდგება: მასშტაბური პროექტი დაიწყო

98
243503076-989500248291248-4269627754145639106-n

ჭიათურაში სახალხო-სამგზავრო ტრანსპორტის – საბაგიროს აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობენ სადგურების განახლებაზე.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვლება ბაგირები, მართვის სისტემა და რაც ყველაზე მთავარია, სრულად განახლდება ისტორიული, უნიკალური სამგზავრო გონდოლები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შენარჩუნებული იქნება, როგორც მთავარი სადგურის, ასევე გონდოლების პირვანდელი იერსახე.

სახალხო – სამგზავრო საბაგიროს და სადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამიტომ სამუშაო განსაკუთრებული სიფრთხილით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ტარდება.

ორგონდოლიანი საშევარდნოს ხაზი ორივე მიმართულებით 14 მგზავრისთვისაა გათვალისწინებული. ხაზის სიგრძე 250 მეტრია, სადგურებს შორის სიმაღლე 186 მეტრი, დახრის კუთხე 48 გრადუსი, მოძრაობის ხანგრძლივობა 1,7 წთ, სიჩქარე კი 2, 8 მეტრი წამში.

საბაგირო ხაზის, გონდოლების და სადგურის აღდგენას უზრუნველყოფს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მუნიციაპლური განვითარების ფონდთან ერთად. საბაგირო დაახლოებით ორი წელია არ ფუნქციონირებს, რადგან სამგზავრო ხაზი, ისევე, როგორც გონდოლები, მთლიანად ამორტიზებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მგზავრობა სრულად უსაფრთხო გახდება, რაც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

ცნობისთვის, ჭიათურაში პირველი სამგზავრო კიდული ბაგირგზა „ჭიათურა -პერევისა“, ე.წ. 25-ის გზა 1954 წელს, გამოჩენილი ინჟინერ-კონსტრუქტორის, გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით აშენდა. 1966 წელს კი კვლავ გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით გაკეთდა უნიკალური სახალხო – სამგზავრო ბაგირგზა ნინოშვილის ქუჩიდან საშევარდნოზე. ეს საბაგირო ხაზი ჭიათურის სავიზიტო ბარათია, რომელიც განსაკუთრებულ ინტერსს იწვევს ტურისტებში. შესაბამისად, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქში გაიზრდება სტუმართა რიცხვი, რაც თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ჭიათურის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები