LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხლაძე – ჩნდება ეჭვი, რომ შოვის ტრაგედიისას, სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა

670
ფორტუნა - 2023-08-19T131059.586

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ხელისუფლებამ სწრაფად არ იმოქმედა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა, სულ მცირე, თანამდებობრივ გულგრილობას.

მისივე თქმით, ამის გასარკვევად ოპოზიციური საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნები არიან, თუმცა მათ „პარტია საქართველოსთვის“ არ უერთდება, რისი მიზეზიც ჯერ პარტიას არ განუმარტავს.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ყველაზე ეფექტური, კომპლექსური ბერკეტი, რომელსაც შეუძლია, კითხვა დაუსვას და გამოიძიოს ყველა საპარლამენტო თანამდებობის პირის საქმიანობა. ჩემი აზრით, ძალიან გამჭვირვალე პროცესი იქნება და ბევრ საკითხს, რასაც „ქართული ოცნება“ პასუხს არ სცემს, ფარდას ახდის. კითხვა ბევრი იქნება, იმით დაწყებული, რატომ არ გვაქვს წინასწარი შეტყობინებების სისტემები, დამთავრებული იმით, თუ რა გააკეთეს ადამიანების გადასარჩენად პირველ 6 საათში, ყველაზე კრიტიკულ დროს. ასეთივე პასუხგაუცემელი კითხვებია, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერი შემთხვევის ადგილას პირველ 24 საათში და რატომ არავინ იზრუნა იმაზე, რომ სპეციალური საინფორმაციო ქსელები შექმნილიყო, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას ხშირად მიაწვდიდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა.

 

 

ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნები ვართ. ერთადერთი პარტია, რომელიც არ გვიერთდება, ეს არის „პარტია საქართველოსთვის“. ესეც საკითხავია, რა მიზეზი აქვთ მათ. ადეკვატური დასაბუთება მე ჯერ ვერ მოვისმინე, თუმცა მსგავსი შემთხვევაც ერთგვარი პოლიტიკური ტესტია, რადგან ჩანს, ვინ სად დგას და ვის რამდენად სურს ჭეშმარიტების დადგენა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე, მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტიქიის შემდგომ, სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია მუდმივად იცვლება და ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ.

„კითხვები ოპოზიციას კი არა, საზოგადოებას აქვს. მათ საკუთარი მოქალაქეების კითხვებს უნდა გასცენ პასუხი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოზიცია რადიკალურად იცვლება ხოლმე. აცდენაა ტექნიკასთან დაკავშირებით. ჯერ ამბობდნენ, რომ ღამის ვერტმფრენი არ ჰქონდათ, შემდეგ ამბობდნენ, რომ საჭირო არ იყო და ამიტომ არ სთხოვეს უცხოელ პარტნიორებს, ამის შემდეგ თქვეს, რომ თითქოს არსებობს მსგავსი ვერტმფრენი, მაგრამ არ გამოიყენეს. მსგავსი აცდენებია წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც.

ასეთი კატაკლიზმის დროს უსაფრთხოების საბჭო პირველივე წუთებში უნდა შეიკრიბოს, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. გარდა ამისა, პირველ ღამეს სამძებრო სამუშაოები შეწყდა მაშინ, როდესაც მეორე და მესამე ღამეს მიმდინარეობდა. ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური არ არის. ამ კითხვებზე სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ადრე თუ გვიან, პასუხი უნდა გასცენ“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g