„არანაირი ილუზია არ გვაქვს, მმართველი გუნდი მომხდარის გამოძიებას კი არა, შეკითხვების დასმასაც კი გაურბის“, – ასე ეხმიანება პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე შოვში მომხდარ სტიქიას და ოპოზიციის მოთხოვნას – შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
სერგო ჩიხლაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ადამიანები არ უყვარს და ერთადერთი, რაც მათ უყვართ, ჩიხლაძის თქმით, ბევრი ფულია“.
„კითხვები ბევრია: რატომ არ არის წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელსაც გვპირდებოდნენ და სამი წლის წინ მზად უნდა ყოფილიყო; რატომ არ იყო გათვალისწინებული აუდიტის სამსახურის, გარემოს დაცვის სააგენტოს და სხვადასხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და დასკვნები; რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება; რატომ არ იმუშავეს პირველ ღამეს და რატომ დაიწყეს მუშაობა მეორე და მესამე ღამეს; სად არის მთელი 11 წლის განმავლობაში დაპირებული ვერტმფრენები და რატომ არ მოხერხდა მათი ყიდვა; არსებობს თუ არა შესაბამისი პროტოკოლები, რომელიც ასეთი კრიზისული სიტუაციების დროს მოქმედებს; სად იყო მინისტრთა კაბინეტი 24 საათის განმავლობაში რომ არ ჩანდა; რატომ ვერ შექმნეს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას ყოველსაათობრივად მიაწვდიდა ან რატომ არ გაკეთდა საინფორმაციო პორტალი, სადაც ყველა ეს ინფორმაცია მოიყრიდა თავს?
კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ მათზე პასუხები არ არის. ჩვენ ვიცით, რაც არის ამ კითხვებზე პასუხი, ეს არის „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტურობა, გულგრილობა, დაუდევრობა, კორუფცია და ის, რომ მათ არ უყვართ ადამიანები და არ ზრუნავენ მათზე. ერთადერთი რაც მათ უყვართ, არის ფული, ფული და ბევრი ფული“, – თქვა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისათვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 9 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ როდესაც მსხვერპლი დღითი დღე იზრდება, ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
თინა ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ „რომ არ ჰქონდეს ხელისუფლებას რაიმე დასამალი და შესაძლო დანაშაულებრივ გულგრილობას ხელს რომ არ აფარებდეს, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს და ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემა თავად ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს“.
თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციურ სპექტრში სრული კონსოლიდაცია იქნება.
თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“