მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, ჯამში, კოვიდვაქცინის 2 მილიარდ დოზას გაუზიარებს.
გეგმის შესახებ ჩინეთის პოლიტიკურმა ლიდერმა სი ძინპინმა გუშინ, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე, ვირტუალური მიმართვის დროს განაცხადა.
“ჩინეთი შეეცდება, მსოფლიოს წლის ბოლომდე მიაწოდოს 2 მილიარდი ვაქცინა,” – თქვა მან და აღნიშნა, რომ გარდა 100 მილიონი დოლარისა, რომელსაც კოვაქსპლატფორმისთვის გაიღებს, ჩინეთი ასევე გაგზავნის 100 მილიონ ვაქცინას განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე წლის განმავლობაში.
სიტყვით გამოსვლის დროს, ჩინეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიომ უზრუნველყოს ვაქცინების ხელმისაწვდომობა განვითარებად ქვეყნებში.
მისივე თქმით, ვაქცინების გლობალურად სამართლიანი და თანაბარი განაწილების უზრუნველყოფა მსოფლიოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.
განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელშეწყობის მიზნით, მან კონკრეტულ გეგმაზეც ისაუბრა:
“ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, როგორიცაა ვალის შეჩერება და განვითარების ხელშეწყობა, რათა დავეხმაროთ განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით დაუცველებს, რომლებიც სირთულეების წინაშე დგანან”, – თქვა მან.
ჩინეთი ასევე პირობას დებს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გამოყოფს დამატებით 3 მილიარდ დოლარს საერთაშორისო დახმარებისთვის, პანდემიასთან ბრძოლისა და ეკონომიკური და სოციალური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით.