ჩინური კომპანია თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარების პროექტით დაინტერესდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა შეხვედრაზე, რომელიც
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ჩინური კომპანიის – Dafang International Group-ის პრეზიდენტს, ლუ იუჰანგს შორის შედგა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებსა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, იძლევა დიდ შესაძლებლობას საქართველოსა ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მხარეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები. ყურადღება გამახვილდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარების პროექტით.