თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩინურმა მხარემ საქართველოს ჩინური მედიცინის აღიარება და მისი დაზღვევის პაკეტებში შეტანა მოსთხოვა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებას განიხილავენ.
არველაძემ დეპუტატებს შეთანხმების ძირითადი პუნქტები გააცნო და ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს დანართს ტრადიციული ჩინური მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თანამშრომლობის ზოგად დებულებებს მოიცავს.
„ჩინურმა მხარემ დააყენა მოთხოვნა, რომ ქართულ მხარეს ეღიარებინა ჩინური მედიცინა, მისი სტატუსი ჩვეულებრივ მედიცინასთან გაეთანაბრებინა, მოეხდინა ჩინური მედიცინის შეტანა დაზღვევის პაკეტებში, ამავე დროს საშუალება მიეცა ჩინელი ექიმებისთვის, რომ საქართველოში მომხმარებლებისთვის აღნიშნული სერვისების მიწოდება მოეხდინათ. მოთხოვნის მიუხედავად, ქართული მხარე არ დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას და ჩვენი ძალისხმევის შესაბამისად, არ მოხდა სამედიცინო სფეროს გახსნა ჩინური მხარისთვის. მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებაში დაფიქსირდა მხოლოდ ზოგადი თანაშრომლობა ჩინურ მედიცინასთან დაკავშირებით, ასევე, ინფორმაციის გაცვლა და შესაბამისი პოტენციალის თანაშრომლობის საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა“, – განაცხადა გენადი არველაძემ.