იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს.
როგორც ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, თუ ამ ეტაპზე პირველადი ჯანდაცვა 6 000, 7 000 და 8 000 ადამიანის მომსახურებისთვის მზად არის, ეს რიცხვი კი თუ ორჯერ და სამჯერ მეტი იქნება, ყველა ქვეყნის ჯანდაცვას გაუჭირდება ასეთ ზეზღურბლოვან დატვირთვას გაუძლოს.
თუმცა ჩხაიძე, ომიკრონის მასშტაბური გავრცელების მიუხედავად, ამ შტამით ინფიცირების დროს შემთხვევების მსუბუქად მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც მაღალია, რაც “ომიკრონის” ხანმოკლე მიმდინარეობით არის განპირობებული:
“ერთი, რაც გარკვეულწილად კარგია, თუ დღევანდელ რიცხვს დავაკვირდებით, 8 000 გამოჯანმრთელებული გვყავს. ანუ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც მაღალია, რაც სწორედ “ომიკრონის” ხანმოკლე მიმდინარეობით არის განპირობებული. ამიტომ, შესაძლებელია, ამან გარკვეულწილად გადაგვარჩინოს და არ მივიღოთ აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობა”, – თქვა ჩხაიძემ.
მისივე განცხადებით, ქვეყანას შეუძლია, 60-80 000 აქტიური შემთხვევა მართოს:
“საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის აქტიური შემთხვევა 20 აგვისტოს გვქონდა. ეს იყო მეოთხე ტალღის პიკზე და მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ მოვახერხეთ 60 000 ადამიანის მართვა გადატვირთვის და პაციენტის უყურადღებოდ დატოვების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლის ამოქმედება, ბინაზე არ დარჩენილა არც ერთი ისეთი პაციენტი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. დღეს აქტიური შემთხვევების რაოდენობა ცოტათი ნაკლებია, ზრდადია, მაგრამ ნაკლებია. ანუ, 60-80 000 აქტიური შემთხვევის მართვა ქვეყანას შეუძლია, მაგრამ შემდეგ ნამდვილად იქნება რთული.
არ მინდა, ვინმეს შეექმნას ილუზია, რომ საქართველოს არ შეექმნება პრობლემები და რა რიცხვიც უნდა იყოს, ყოველთვის მოვახერხებთ ამ პაციენტებისთვის სათანადო ყურადღების გამოჩენას. ასე რომ, რისკები არსებობს, საფრთხე არსებობს, რაც საკმაოდ რეალურია”, – განაცხადა ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.