კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საგამოძიებო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, სადაც პროკურატურა “ტვ პირველისგან” იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი.
განაცხადებაში აღნიშნულია, რომ “გამოძების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ”.
არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50 -ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობა.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 09 მარტს საქართველოს პროკურატურამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ, ვფიქრობთ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ.
ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც, სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ“. – აღნიშნულია მედიაკოალიციის განცხადებაში.