თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიგიენისტი და ეკო-ტოქსიკოლოგი, მარინა გიორგობიანი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად. მან იმ ზიანის შესახებ ისაუბრა, რომელიც პიროტექნიკის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს.
მისი განცხადებით, პიროტექნიკას შეუძლია მრავალმხრივი დაზიანებები მიაყენოს ადამიანს, ესენია: მექანიკური ჭრილობა, დამწვრობა, ან ქიმიური დამწვრობა. ის ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულმა დაზიანებებმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
„ბოლო წლებში პიროტექნიკისგან მიყენებული დაზიანებები ძალიან მომრავლდა. პიროტექნიკას შეუძლია მრავალმხრივი დაზიანებები მიაყენოს ადამიანს. სამწუხაროდ, ეს დაზიანებები ძალიან სერიოზულია. შეიძლება ტრავმა იყოს მექანიკური ჭრილობა, დამწვრობა, ან ქიმიური დამწვრობა.
პიროტექნიკის მოხმარების დროს, ახლო არეალში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს, როგორც სასუნთქ სისტემას, ასევე მხედველობის ორგანოს და ეს ნივთიერებები ბავშვებისთვის უფრო მეტად ზიანის მომტანია, რადგან პატარას ორგანიზმს არ შეუძლია სწრაფად გადაეწყოს და პასუხი გასცეს ასეთ დაზიანებას.
ამიტომ, შესაძლებელია არამარტო მექანიკური დამწვრობის შედეგად, არამედ ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად მივიღოთ ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული გართულებები“, – განაცხადა მარინა გიორგობიანმა „ფორტუნას“ გადაცემაში.