„ოთხდიპლომიანი“ პროფესიის წარმომადგენლებს მალე დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. არჩევნების შემდეგ მთავრობა ტაქსისტების ლიცენზირებას გეგმავს. სფერო, რომელიც დღემდე არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება, მოქალაქეთა გადაყვანის და საგზაო უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი როლს ასრულებს .
ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან, რეგისტრაცია გაიარონ. პროცედურა სრულიად უფასო იქნება, გარდა ამისა, ტაქსის მძღოლმა ავტომობილში საინფორმაციო ტაბლო უნდა იქონიოს, სადაც მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები იქნება მითითებული. თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, ტაბლოზე მითითებული იქნება კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი . იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მანქანაში საინფორმაციო ტაბლოს ვერ დაინახავს, ეს ნიშნავს, რომ ტაქსის ტრანსპორტის სამსახურისგან საქმიანობის ნებართვა არ გააჩნია და არალიცენზირებულია.
იმისთვის, რომ ტაქსიმ საქმიანობის ლიცენზია მიიღოს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – ავტომანქანა ტექნიკურად უნდა იყოს გამართული , ხოლო მძღოლს გავლილი ჰქონდეს სამედიცინო შემოწმება.
„ფორტუნასთან“ საუბრისას ტაქსოკომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი ლიცენზირების შემოღებას დადებითად აფასებს და მზადყოფნას გამოთქვამენ, შესაბამისი შემოწმება გაიარონ.
„დღეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მანქანა ჰყავს, შეუძლია, ტაქსის ნიშანი შეიძინოს და კლიენტებს მოემსახუროს. არავინ ამოწმებს არც მანქანების გამართულობას და არც მძღოლების ფსიქიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში არაკონკურენტულ გარემოს ქმნის,“ – აცხადებენ ტაქსების კომპანიაში.
ტაქსების ლიცენზირებას ეთანხმება მომხმარებელიც.
ნიკა მაისურაძეს ხშირად უხდება ტაქსის მომსახურებით სარგებლობა და „ფორტუნასთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ტაქსით სარგებლობას უკავშირდება.
„როდესაც ტაქსის აჩერებ, წინასწარ რთულია, განსაზღვრო მძღოლის ფსიქიკური მდგომარეობა, რამდენად ადეკვატურია ან იცნობს თუ არა ქალაქის ქუჩებს. მგზავრი ვერ მივხვდები წინასწარ რა მდგომარეობაშია მანქანა ტექნიკურადაც, ამიტომ ტაქსის გაჩერებიდან დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ჩვენი უსაფრთხოება ხშირად კითხვის ქვეშაა,“ – ამბობს ნიკა მაისურაძე.
ტაქსებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელში წააწყდებით. მომხმარებლები კომფორტზე მეტად მძღოლების არაკომპეტენტურობაზე ჩივიან – „აგრესიული იყო“, „ძალინ სწრაფად ატარებდა“, „სიგარეტს ეწეოდა“ , „სახიფათო მანევრებს აკეთებდა“, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრეტენზიების, რომელსაც კლიენტები ტაქსებს უყენებენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია დაბინძურებული და მოუწესრიგებელი სალონები. „ტაქსიდან რომ გადავდივარ, ბანაობის სურვილი მიჩნდება, იმდენად ბინძურია სალონი“, „ დახეულ მანქანის სავარძლებზე ჭუჭყიანი პლედი აქვთ გადაკრული“ – ყვებიან მომხმარებლები.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი, იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც მერიასთან ერთად ტაქსების რეგულაციებზე მუშაობს.
„ფიქცია და კორუფციის წყარო,“ – ასე აფასებს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი ტაქსების ლიცენზირების შემოთავაზებულ ვარიანტს.
მესხიშვილის განმარტებით, ის ცვლილებები, რაც ლიცენზიის მოსაპოვებლად იქნება საჭირო, ვითარებას რეალურად არ ცვლის.
„2018 წლის იანვრიდან, ტექდათვალიერების ძალაში შესვლის შემდეგ, ტექნიკური სტანდარტის დაკმაყოფილება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას, იქნებოდა ეს ტაქსი, თუ არა, მაინც მოუწევდა . შესაბამისად, ამ ნაწილში არაფერი იცვლება. რაც შეეხება მძღოლის ჯანმრთელობის ცნობას, ნებისმიერ პოლიკლინიკაში ამ ცნობის აღება 20-25 ლარადაა შესაძლებელი და არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ცვლილების ეს ნაწილიც არაფრის მომტანია. გარდა ამისა, როცა საუბარია ტაქსების სისუფთავეზე , არ არსებობს მანქანის სალონში სისუფთავის ადმინისტრირების და შემოწმების მექანიზმი. ტაქსის მძღოლი თავის მანქანაში დირექტორიცაა, მენეჯერიც და მძღოლიც, ვის უნდა მიმართო რეაგირებისთვის?!“ – ამბობს მესხიშვილი.
ტაქსების ლიცენზირების კონკრეტულ ვადებს მთავრობა ჯერჯერობით არ ასახელებს. „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პროგნოზით, როგორც ყველა პრობლემატური საკითხი, ტაქსების ლიცენზირებაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყება.
თამუნა გოგუაძე