“ერთობა ახალი საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, პრაიმერის იდეის გარშემო 15 ორგანიზაციაა გაერთიანებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების შესარჩევად პრაიმერის ღია მექანიზმის ინიციატივაზე სასტუმრო “ამბასადორში” მსჯელობენ. შეხვედრა IRI-ის ორგანიზებით იმართება.
“ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს პროდასავლური ოპოზიციური ძალები და ვისაუბრებთ პრაიმერზე, როგორც მექანიზმზე, რომელიც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს პოლიტიკაში. კანდიდატები უნდა აირჩიონ ამომრჩევლებმა და არჩევა არ უნდა ხდებოდეს კულუარებში . ჩვენი პრაიმერის მექანიზმი გულისხმობს მერობის, გამგებლების და საკრებულოს მაჯორიტარი წევრების და სიის პრაიმერს,” – განაცხადა ვაშაძემ.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ “დანაწილებული ოპოზიცია შედის ხელისუფლების და ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების”, ინტერესებში. ჩვენ ამ სტანდარტით პოლიტიკურ პარადიგმას შევცვლით. ბრძოლა მეორე ტურისთვის – ეს გზავნილი არსწორია. უნდა იბრძოლო გამარჯვებისთვის”.