LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ დავკარგავთ ერთიანობას: უკრაინა ნატოს სავალდებულოდ მიიჩნევს, რას პასუხობს ნატო – მოსწონს თუ არა ევროპას „გამარჯვების გეგმა“

141
765

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა და თან გააფრთხილა კიდეც: რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა მსოფლიო ომისკენ გადადგმული ნაბიჯიაო. მისი თქმით, უკრაინულ დაზვერვას მტკიცებულებები აქვს, როგორ ემზადებიან ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები, რათა რუსულ ძალებს შეუერთდნენ.

„ჩვენ ვიცით დაახლოებით 10 ათასი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის თაობაზე, რომლებსაც ამზადებენ, რათა ჩვენთან საბრძოლველად გამოაგზავნონ. ეს არის ნაბიჯი მსოფლიო ომისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის შეფასებით, მისმა “გამარჯვების გეგმამ” დიდი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირის ქვეყნებისგან. მან დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე.

ეს გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს პუნქტს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის შესახებ. ამას კიევის მოკავშირეები აქამდე დიდი ხალისით არ ხვდებოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე თქვა, რომ, სამწუხაროდ, ის ხშირად ძალიან ნელა მოდის.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ „გამარჯვების გეგმას“ შეუძლია დაასრულოს დესტრუქციული ომი რუსეთთან არა უგვიანეს მომავალი წლისა.

ნატოში რეაქცია კი თავშეკავებულია. ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ის თქვა, რომ ის და მოკავშირეები „ამ გეგმას ცნობად იღებენ”. მან არ ისაუბრა იმაზე, თუ როდის შეიძლება უკრაინა შეუერთდეს მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ბლოკს და მხოლოდ გაიმეორა, რომ დროთა განმავლობაში ის გახდება წევრი.
მოკლედ, ნატოში სიფრთხილით ეკიდებიან ზელენსკის ერთ-ერთ პუნქტს – ნატოში გაწევრიანების შესახებ – საომარი მოქმედებების დასრულებამდე.
ამ დროისთვის კი მან დაადასტურა კიევის ურყევი მხარდაჭერა მისი მოკავშირეებისგან.

„ბევრი პოლიტიკური და სამხედრო საკითხია, რომლებიც უნდა განვიხილოთ უკრაინელებთან, რათა გავიგოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რისი გაკეთება არ შეგვიძლია“, – განაცხადა რუტემ ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში.

ჯერ კიდევ ივლისში ალიანსის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოსკენ მიმავალ გზაზე დგას, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. მაგრამ ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ გაწევრიანების პროცესი არ შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებების დასრულებამდე.

ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი:

„უკრაინის გაძლიერება დამოკიდებულია არა მხოლოდ იარაღზე. ის დამოკიდებულია ნებაზე. თუ ჩვენი პარტნიორები არ დაკარგავენ ერთიანობას, მაშინ ჩვენ არ წავაგებთ“.

მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი:

„ჩვენ არ დავკარგავთ ერთიანობას. ამის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. მინდა ვუთხრა ვლადიმირ პუტინს, რომ თუ მას ამის იმედი აქვს, ეს არ მოხდება“.

უკრაინელებს ესმით, ნატოში რომ ყოფილიყვნენ, მოსკოვი არ შეიჭრებოდა მის ტერიტორიაზე 2014 წელს და შემდეგ უკვე 2022 წელს.

2014 წელს რუსეთის პირველი შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიიდან ხუთი წლის შემდეგ, 2019 წელს, უკრაინამ კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა, რითაც სავალდებულოს ხდის ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს.

ევროკავშირის სამიტის კომუნიკეს პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბლოკის “ურყევ ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხისთვის უწყვეტი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება“ და აღნიშნულია, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“.

ფოტო: washingtonpost
kyivindependent
belganewsagency

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები