მსახიობმა კახა კინწურაშვილმა გურიაში, „ახალი თეატრის“ მანიფესტის წარდგენისას სცენიდან საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„თითოეულმა ჩვენგანმა იცის, როგორი წნეხია ჩვენს ქალაქებში, სოფლებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები იბრძვიან, მიუხედავად ამისა, ეძებენ ერთმანეთს, ხელს კიდებენ და იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის. თქვენს, ჩვენს წინააღმდეგ არის რეჟიმი, რომელიც ქუჩებში სცემს ადამიანებს, საპყრობილეში გზავნის იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც რეალურად უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ეს არის რეჟიმი, რომელიც მოშიმშილე ქალისგან ითხოვს ბოდიშს და თან ეს რეჟიმი ლაპარაკობს ღირსებაზე და რაღაც ფასეულობებზე. მათ მხარეს არ არის არც ღირსება და არც რაღაც ფასეულობები. მათ მხარეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების სურვილი. ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად ამას მივაღწევთ“ – თქვა მსახიობმა.