LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია: გომელაური

56
gomelauri

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიება თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პოლიცია ზრუნავს ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ასევე იცავენ და აკონტროლებენ საზღვრებს, ებრძვიან კრიმინალს, იცავენ ადამიანის უფლებებს.

„პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობაში კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის დროს ხშირია მომენტი, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მყისიერად, თუმცა ადამიანის სიცოცხლის დაცვა ამ გადაწყვეტილებების დროს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია“. – აცხადებს გომელაური. 

გომელაურის თქმით, დღეს ქვეყანაში გვყავს აპოლიტიკური პოლიცია.

„დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია.  პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე; ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვებრძვით ხანძრებსა და სტიქიებს; ვზრუნავთ საგზაო უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნაზე”. – თქვა გომელაურმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან. ევროპარლამენტის რეზოლუციით, დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.

სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„იყო პოლიციელი – მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, სამართლიანობას, სიმამაცეს, ოპერატიულობას. ურთულესია, სახლიდან გასულმა არ იცოდე, შინ დაბრუნდები თუ არა, თუმცა ეს თქვენი გააზრებული არჩევანია და გისურვებთ, რომ ყველას ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი და რაც მთავარია, სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაბრუნებოდეთ. ყოველდღიურად იბრძოლო კანონის აღსრულებისთვის, ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად – დიდ სიმამაცეს მოითხოვს, თუმცა, ემსახურო შენი ქვეყნის მოქალაქეებს, პასუხისმგებლობასთან ერთად, გამორჩეული საზოგადოებრივი როლია.

ჩვენ, ისევე როგორც არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება და ამას ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ“. – აღნიშნა გომელაურმა.

მისივე თქმით, საქართველო პატივს სცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, “სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება”.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციელებთან ერთად ემსახურება საქართველოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები