რუსეთი ხედავს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობას იმასთან დაკავშირებით, რაც საკვები პროდუქტების ბაზარზე ხდება, მაგრამ ეს არის ავადმყოფი თავიდან ჯანმრთელ თავზე პასუხისმგებლობის დაკისრება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მან ბლეფი უწოდა განცხადებას, რომ რუსეთი არ იძლევა უკრაინული ხორბლის გატანის საშუალებას.
„რაც შეეხება უკრაინის ხორბლის გატანას. ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით. ამასთან, არსებობს ხორბლის გატანის რამდენიმე მეთოდი“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.
მისი თქმით, პირველი მეთოდია ის, რომ გაიტანონ იმ პორტებიდან, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, პირველ რიგში, შავი ზღვის აუზიდან – ოდესიდან უახლოეს პორტებში.
„ჩვენ ხომ არ დაგვინაღმავს ამ პორტების მისადგომები. ეს უკრაინამ დანაღმა“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ხორბლის ექსპორტი 37 მილიონი ტონის ნაცვლად, 50 მილიონ ტონამდე გაზარდოს.