ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე ათასი ტექნიკის დაფინანსება მოხდება, როგორც იმპლემენტების, ისე, გამწევი ტექნიკისა და ტრაქტორების, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში თითო სოფელში ერთი ახალი ტექნიკა მაინც გაჩნდება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეძლებს ტექნიკის შეძენას. „განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ძალიან მცირე რესურსები გვქონდა და პრაქტიკულად რამდენიმე საათში იკეტებოდა განაცხადების მიღება, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, 50 მილიონი დაფინანსება ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შეძლებს ტექნიკის შეძენას. რა თქმა უნდა, ეს თანაბრად შესაძლოა არ გადანაწილდეს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამისთვის მოხდა ტექნიკის დაყოფა 20 ათას, 100 ათას და 100 ათასზე მეტი ღირებულების. შესაბამისად, ამ ჯგუფებიდან კვოტები იქნება ბიუჯეტში გამოყოფილი, რომ როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსება მოვახერხოთ, ისე საშუალო და უფრო ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა. ამ ყველაფრისთვის თანხა სამინისტროს ბიუჯეტიდან იქნება მობილიზებული, ნაწილი მიმდინარე წელს, ნაწილი კი მომავალ წელს, იმის მიხედვით, როგორ იქნება ტექნიკის შემოყვანა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. პროგრამაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.