LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიწყებთ დიდ საქმეს: ოლიმპიურ კომიტეტს საქართველოს მთები მოეწონა

113

საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების სამდღიანი ვიზიტი დასრულდა. პირველ დღეს შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, დარგობრივ სამინისტროებში გაიმართა. მერე სტუმრები თანმხლებ პირებთან ერთად გუდაურსა და ყაზბეგში გაემგზავრნენ. გუდაურში სოკ-ის სტუმრების წინაშე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ექსპერტებმა დეტალური პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ განიხილეს მთის კურორტების – გუდაურის, მესტიის, გოდერძის, ბაკურიანის ინფრასტრუქტურული განვითარების, დაგეგმარების, საკითხები და სამთო ტრასების მშენებლობასთან დაკავშირებული მიდგომები. სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურისა და ყაზბეგის ტურისტული ბაზები და სამთო-სათხილამურო ტრასები, ეწვივნენ სამთო ინსტრუქტორთა გადამზადების ცენტრს, რომელიც ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია საქართველოს მთის კურორტების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულად გუდაურს, პირველი შთაბეჭდილება ნამდვილად დადებითია. კარგი სამთო-სათხილამურო ტრასებია. უამრავი დამსვენებლია, რაც ძალიან კარგია”, – აღნიშნა პამელა ვაიპონდმა.

მოგვიანებით ევროპელმა სტუმრებმა ბორჯომი და ბაკურიანი მოინახულეს. შეხვედრებზე სოკ-ის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ სპორტულ, ტურისტულ და სასტუმრო ობიექტებზე, საქართველოში ჩატარებულ და მომავალში დაგეგმილ სამთო შეჯიბრებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„აუცილებელია სპორტის ეროვნული ფედერაციების და ყველა ხელმძღვანელი სტრუქტურის ვალდებულებათა გამიჯვნა. საქმის სწორი გადანაწილება წარმატების ძირითადი საფუძველია, – აღნიშნა ჟილბერ ფელიმ – მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა გუდაურმა. იგივე შემიძლია გითხრათ ბაკურიანზე. ულამაზესი მთები გაქვთ და სასიამოვნოა იმის აღნიშვნაც, რომ ზამთრის კურორტები ასე ვითარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ასე ზრუნავს აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე. ეს ნამდვილად კარგია და ჩვენ ამას მივესალმებით.”

საღამოს კი სოკ-ის ექსპერტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იმყოფებოდა.

„ჩვენ მართლაც კარგი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და, პარალელურად, უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ზამთრის სპორტში მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებისთვის. მთავრობამ გააკეთა სერიოზული განაცხადი და დასახა პრიორიტეტები. ოლიმპიური კომიტეტი მიესალმება ამ ინიციატივას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ვერთვებით ამ პროცესში. მით უმეტეს, ყველაფერი ეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება. ამ ვიზიტის ფარგლებში სოკ-ის ექსპერტებმა მიიღეს მათთვის აუცილებელი ინფორმაცია და ახლო მომავალში გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვას, მოგვაწვდიან რეკომენდაციებს. ჩვენ ვიწყებთ დიდ საქმეს და იმედი მაქვს, რომ ეს საქმე წარმატებული იქნება,” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g