ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუკა ნაცვლიშვილს, რომელმაც გასული წლის სექტემბერში, ბათუმის N7 სკოლაში რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავენ.
გიორგი კეკელიძის თქმით, ამბის გავრცელებას მისდა გასაკვირად, მოჰყვა კომენტარები, სადაც წერდნენ, რომ „დროშის ჩამომხსნელის“ წახალისებას არ ელოდნენ.
„დღეს ერთი ბათუმელი ბიჭი, ლუკა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიით დავაჯილდოვეთ. მან ამასწინ საკუთარი სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა. ბევრმა სააგენტომ გაავრცელა ეს ამბავი, უამრავი მილოცვაც თან დაერთო, მაგრამ სამწუხაროდ და მიუხედავად ჩემი არცთუ მცირე გამოცდილებისა – მაინც გასაკვირად; ცოტა როდი იყო ის ხალხი, ვინც წერდა: ,,ჩვენი დიდი მეზობელი ქვეყნის სიწმინდის, დროშის ჩამომხსნელის თქვენგან წახალისებას არ ველოდი” ანაც ,,სიფრთხილეა საჭირო, შეიძლება ხვალ ამ დროშის აღმართვა მოგვიწიოს”.
დედას გეფიცებით, კრემლის უკანა ოთახის იატაკის ტარაკანა ტროლ-ბოტი არა, შეძლებისდაგვარად ზრდილობიანი ხალხი წერდა, ნაწერს ,,პატივისცემით” დაურთავდნენ და ამან უფრო შემაშინა.
ამ ადამიანების ნაწილს შეიძლება შევხვედრივარ და ზოგს მომავალში შევხვდები – არც მტერი ქვეყნის აგენტები მგონია მათგან უმრავლესი და მეტიც, ვფიქრობ, რომ მათაც უყვართ სამშობლო. უბრალოდ სიყვარული სხვასხვაგვარია, როგორც დადასტურდა.
სამშობლო ჩემთვის რაღაცნაირად მაინც საყვარელ გრიგოლ ორბელიანსაც უყვარდა, მაგრამ ასე გვიანდერძა: ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებასო”, ამიტომაც ებრძოდნენ თერგდალეულები, თორემ სადღეგრძელო დიდწილად არ დაეწუნებოდა.
დღეს გურიის ორი სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ და ბავშვებს ილიაზე ველაპარაკე, ვაჟაზე ველაპარაკე, გურამიშვილზე და გრიგოლ ხანძთელზე. ჰოდა, მოვდიოდი უკან, თბილისისკენ და ვფიქრობდი, საიდან ან როდის განმტკიცდა ჩვენს სხეულებში ეს უცნაურად მორჩილი სული, ნუთუ ამაოდ ჩაიარა ილიას და ვაჟას მიერ ჩატარებულმა დიდმა და დიდებულმა ეგზორციზმმა, ნუთუ ტყუილად დავატარებ ამ წიგნებს მთასა და ბარში, ნუთუ ისე ძალუმი იყო საბჭოთა ლეთე – დავიწყების მდინარე, წითელი ჯავახიშვილის, ტიციანის, პაოლოს და ახმეტელის სისხლისგან, რომ მოურჩენლად წაგვილეკა მეხსიერება.
ეს პატარა ბიჭი, ტოლსტოის და დოსტოევსკის წიგნების დაწვას ხომ არ ითხოვდა ან ომის დაწყებას, უბრალოდ არ უნდოდა საკუთარი სკოლის კედელზე იმ ქვეყნის დროშას მოეწონებინა თავი, რომელმაც ათიათასობით ქართველი მოგვიკლა, ასიათასობით დევნილად აქცია, ტაძრები გადაგვიღება, პატრიარქები დაგვიხოცა, ენას გვართმევდა, ტერიტორიები მოგვტაცა და ახლაც გვტაცებს. ეს უნდოდა ამ პატარა ბიჭს და მე კიდევ ამ საქციელის დაფასება. ხან ყველაფერი მარტივია, მაგრამ ეს სიმარტივეა ხოლმე დაუძლევლად რთული.“ – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.