მოსწავლე, რომელმაც ბათუმის N7 სკოლაში რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჰყვება, რომ სკოლაში რუსეთისა და აფხაზეთის დროშების ჩამოხევის შემდეგ, დირექტორმა მისი მშობელი დაიბარა და ბავშვის სკოლიდან გადაყვანა მოსთხოვა.
როგორც ბიჭი აცხადებს, დირექტორმა ეს იმით ახსნა, რომ „ბავშვი აგრესორია“ და ხვალ შეიძლება რომელიმე რუს მოსწავლეს, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობს, „მივარდეს და თვალები გამოთხაროს“.
„კლასელებთან ერთად ვიყავი, როდესაც სკოლის დერეფანში შევამჩნიე, რომ დროშები იყო გამოკრული. მაშ შორის იყო რუსეთის დროშაც. მივედი და პირველ რიგში ჩამოვაგდე რუსეთის დროშა, ამასობაში დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში,სადაც გამოვთქვით პროტესტი, თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა გამოკრული, რის შემდეგაც მოგვცეს თანხმობა, ჩამოხსენითო.
სკოლიდან არავის გავურიცხივარ, თუმცა ჩემი მშობელი დააყენეს იმ ფაქტის წინ, რომ ბავშვი სადაც გინდა იქ გადაიყვანეთო. დირექტორმა დაიბარა დედაჩემი.
აგრესორიაო, ჩემზე თქვეს. დღეს დროშა ჩამოხია ხვალ შეიძლება ჩემ რუს მოსწავლეს მივარდეს და თვალები გამოთხაროსო“, – აცხადებს მოსწავლე.