ჩვენი ექიმები, ჩვენი გმირი პოლიციელები, ჩვენი გმირი სამხედროები, მასწავლებლები, ყველა ვინც ერთგულად და პროფესიულად ემსახურება და აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, საფუძველს უყრის მის უკეთეს ხვალინდელ დღეს. გგანაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს.
თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა: ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მიულოცა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მინდა მივესალმო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს პოლონეთის პრეზიდენტს ბატონ ანჯეი დუდას, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ანდრი ტარანს, რომლებიც ჩვენთან ერთად აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 100 წლის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მიისწრაფვოდა დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, წითელმა ოკუპაციამ შეაფერხა.
მიუხედავად ამისა, ოკუპაციამ უფრო მეტად გააძლიერა ქართველი ერის სურვილი, შეექმნა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო და გამხდარიყო დასავლური სამყაროს ნაწილი. დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს თავისუფლებისათვის და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სიმბოლოს, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით, საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
