„ჩვენი მონაცემების მქონე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს“, – ასე მიმართა პარლამენტში „მინისტრის საათზე“ მყოფ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის განმარტებით, „ცხადია, უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს“. ოპოზიციონერი დეპუტატი ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას „განცხადების დაწერისკენ მოუწოდებს“.
სამადაშვილმა განაცხადა ისიც, რომ გამაოგნებელია, უმრავლესობის პათოსი, რომ ვინმემ მინისტრს მადლობა უნდა გადაუხადოს.
ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება – თურნავა
ეკონომიკის მინისტრი: 2021 წელს ჩვენ გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე
“თქვენმა კოლეგამ, ჯანდაცვის მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა – ცხადია, უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს და მოგიწოდებთ, განიხილოთ განცხადების დაწერა, რაც შეიძლება მალე! იმ მონაცემების მქონე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, რაც საქართველოს გააჩნია, მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს.
თუ აქვს მინისტრს დათვლილი, რა უჯდება ქვეყანას, რომ დღემდე არ გვაქვს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამ თემაზე გასული ცხრა წლის მანძილზე ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან მხოლოდ სამი კონსულტაცია რატომ გაიმართა? როგორც ხდება, რომ წლებია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს და ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში იკლებს. მაგალითად, 2015 წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი 28% იყო და დღეს არის – 16%. ასევე მაინტერესებს, როგორ ხდება, რომ ქვეყანაში სიღარიბე არნახულად დაძლიეთ, ოღონდ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარი მილიონი მოქალაქით გაიზარდა. რატომ გაორმაგდა გასული წლების მანძილზე ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და როგორ ხდება, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა იზრდება, ოღონდ რუსეთზე უფრო დამოკიდებული ვხდებით?!“, – მიმართა ნათია თურნავას სალომე სამადაშვილმა.
