პრემიერ-მინისტრმა გლდანის მე-6 მიკრორაიონში განახლებული პარკის გახსნაზე განაცხადა, რომ თბილისელების მთავარი მოთხოვნა მწვანე სივრცეების შექმნაა.
„თბილისის განვითარების პროგრამაზე მუშაობისას მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ვისმენდით თქვენგან, თბილისელებისგან, იყო მსგავსი მწვანე სივრცეების შექმნა, რაც ასე ძალიან გვაკლია ამ ლამაზ ქალაქში და ეს არის ჩვენი მწვანე პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე, სადაც მომავალი თაობა გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, ეს ლამაზი სკვერი გახდება თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის უსაყვარლესი ადგილი. აქ ნახავთ ყველაფერს, სპორტული მოედნებიდან დაწყებული, სპეციალური სივრცეებით დამთავრებული ჩვენი ბავშვებისთვის – ყველაზე ძვირფასისთვის, რაც გაგვაჩნია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს.
6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი, სკვერის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა კირქვით, მოეწყო საველოსიპედო ბილიკები.
პარკის გახსნასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის კონცერტიც გაიმართა.