LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხინვალში ეპიდსიტუაცია უკიდურესად მძიმეა“ – DRI ხელისუფლებას ჰუმანიტარული დახმარებისკენ მოუწოდებს

58
ცხინვალი

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაისახოს და ეფექტიანად განხორციელდეს ცხინვალის ეპიდსიტუაციის მართვის გეგმა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია:

  • გაიხსნას უკანასკნელ წლებში დაკეტილი საკონტროლო გამშვები პუნქტები და გადასასვლელებთან მოეწყოს ვაქცინაციისა და ტესტირების სამედიცინო პუნქტი;
  • შესაძლებლობის ფარგლებში, ცხინვალს უნდა მიეწოდოს ვაქცინა, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები.
  • სურვილის შემთხვევაში, კოვიდით დაავადებულ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ საავადმყოფოებში მკურნალობის შესაძლებლობა.

„სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ, საქართველოსთან „საზღვრის“ ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2020 წლის 27 თებერვალს მიიღო, მიზეზად კი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული პირველი შემთხვევა დაასახელა.

უკვე წელიწადი და რვა თვეა, რაც ცხინვალსა და თბილისს შორის კომუნიკაცია და მიმოსვლა ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, პანდემიას დე-ფაქტო ხელისუფლება რეგიონის თბილისისგან იზოლაციისთვის იყენებს, რაც თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის გარდა, უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებაზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

DRI-ის ინფორმაციით, ცხინვალში სერიოზულ პრობლემად რჩება სამედიცინო სერვისებზე, მედიკამენტებზე, ტესტირებასა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. მოსახლეობა სრულ ფიზიკურ და ინფორმაციულ იზოლაციაში ცხოვრობს, სადაც დისტანცია/იზოლაცია მხოლოდ თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან დაშორების ინსტრუმენტია და არა ვირუსისგან დაცვის საშუალება.

„ადგილზე მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე ამას დე-ფაქტო ადმინისტრაცია ოფიციალურად აღიარებს. ცხინვალში ვირუსის გავრცელების და გარდაცვალების შემთხვევებს ორ წელს მალავდნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად არ ქვეყნდებოდა.

სტატისტიკის გამოქვეყნება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია. ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 29 ოქტომბერს კორონავირუსის გამომვლენი 317 ტესტი ჩატარდა, აქედან 77 დადებითი იყო, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე 134 ადამიანი შეადგინა,“ – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, დაავადება ვრცელდება მთელ რეგიონში და ამასთან, სამედიცინო პერსონალის სერიოზული დეფიციტია.

„ექიმები გადაღლილები არიან. ვცადეთ ვლადიკავკაზიდან ექიმების შემოყვანა, მაგრამ მათი საავადმყოფოებიც გადატვირთულია პაციენტებით და იქაც ექიმების დეფიციტია,“ – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი, მარინა კოჩიევა.

ორგანიზაციაში აცხადებენ იმასაც, რომ წითელ ზონად გამოცხადებულ ადგილობრივ კლინიკაში ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის არასათანადო გარემოა. მძიმე პაციენტები, გარდაცვალების სტატისტიკა სამხრეთ ოსეთს რომ არ მიეწეროს, ვლადიკავკაზში გადაჰყავთ.

„ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი ინფიცირებულები მძიმე მდგომარეობაზე ღიად საუბრობენ სოციალურ ქსელებში. მათი განცხადებით, ადგილები აღარ არის, საწოლები დერეფანში დგას და დაავადებულებს საკუთარი ძალებით უწევთ თავისუფალი ადგილების ძებნა. სამედიცინო დაწესებულებაში ანტისანიტარიაა, 20-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს საერთო სველი წერტილით. არ არის საკმარისი მედიკამენტები და არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

DRI-ის ცნობით, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ აწარმოებს სიებს/რიგებს. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაშიც კი, ნებართვის მიღება კორუფციასთანაა დაკავშირებული.

„დღეის მდგომარეობით, განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა ახალგორში. დაბაში, სადაც სულ 800-მდე ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად ოფიციალურად ინფიცირების ოცამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. იმის გამო, რომ ადგილზე შესაბამისი ექიმები არ ჰყავთ, ახალგორის საავადმყოფო პრაქტიკულად ცარიელია.

დაავადებულებს ან სახლში მკურნალობენ, ან ცხინვალში გადაჰყავთ. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინტერვიუში, ახალგორის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი ამბობს, რომ მდგომარეობა გაცილებით რთულია და ინფიცირებულიც მეტია.

ცხინვალს 2000 დოზა რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“გადაეცა, თუმცა შენახვის პირობების დარღვევის გამო ვაქცინა გამოუსადეგარი გახდა. ახალგორში ამ კონკრეტული ვაქცინით არავინ აცრილა, მათ შორის, არც საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g