LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: ,,რემდესივირი” კორონავირუსისგან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში კურნავს

1864
remdesivir

კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებიც ექპერიმენტულ წამალ ,,რემდესივირს” მოიხმარენ, სხვებთან შედარებით გაცილებით ადრე ჯანმრთელდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ,,სიენენი”  STAT News-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც გუშინ პრეპარატის კლინიკური გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული ვიდეო გაავრცელა.

პაციენტებს, რომლებიც ჩიკაგოს ჰოსპიტალში ,,რემდესივირის” კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობდნენ, გართულებული სუნთქვა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, თუმცა მკურნალობის რამოდენიმედღიანი კურსის შემდეგ მათ კლინიკა დატოვეს, ისინი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გამოჯანმრთელდნენ.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის, კეიტლინ მულენის განცხადებით, რომელიც აღნიშნულ კლინიკურ გამოცდას ხელმძღვანელობს, პაციენტების უმეტესობა Covid-19-ისაგან რამოდენიმე დღეში განიკურნა, გარდაიცვალა მხოლოდ 2 პაციენტი.

ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ არსებობს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო კონკრეტული მედიკამენტი. ცნობილია, რომ ვირუსი ზოგიერთ პაციენტში მწვავე ორმხრივ პნევმონიას და სუნთქვის გართულებას იწვევს. ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ამ ეტაპზე რამოდენიმე პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს და მათ შორის ,,რემდესივირის”.

პრეპარატი ,,რემდესივირი”, რომელიც ფარმაცევტულმა კომპანია ,,გილეადმა” ებოლასთან საბრძოლველად შექმნა, ებოლას წინააღმდეგ მაინცდამაინც წარმატებული არ იყო. თუმცა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მისი ეფექტურობა სხვადასხვა კორონავირუსების, მათ შორის SARS და MERS კორონავირუსების წინააღმდეგ.

ჯერ კიდევ თებერვალში ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” ,,რემდესივირი” ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ პრეპარატად დაასახელა.

,,ჩვენი პაციენტების უმეტესობა მძიმეა, თუმცა ისინი 6 დღეში იკურნებიან, რაც იმას ნიშნავს რომ სულაც არაა აუცილებელი მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე ან ორი კვირა იყოს” – ამბობს დოქტორი მულენი გავრცელებულ ვიდეოში კოლეგებთან კვლევის შედეგების შესახებ საუბრისას.

,,რემდესივირის” გამოცდა მსოფლიოს 152 კლინიკაში მიმდინარეობს. ,,გილეადი” ასპონსორებს ტესტებს 2400 პაციენტზე, რომლებსაც covid-19-ის გართულებული ფორმა აქვთ. მსოფლიოს 169 კლინიკაში კი ,,რემდესივირს” იმ 1600 კოვიდინფიცირებულზე ტესტავენ, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

,,გილეადის” წარმომადგენელთა თქმით, კვლევის შედეგებს ისინი თვის ბოლოსთვის ელიან.

,,ჩვენ კარგად გვესმის, რომ შედეგები მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება, მაგრამ მონაცემების ანალიზი გარკვეულ დროს მოითხოვს იმისათვის, რათა რაც შეიძლება ზუსტად დადგინდეს პრეპარატის ეფექტურობა. იმისათვის, რათა “რემდესივირი” ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ოფიციალური პრეპარატი გახდეს, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე იმედისმომცემი ისტორიები. ამიტომაც მეცნიერებს უნდა მივცეთ დრო, რომელიც სჭირდებათ ზუსტი დასკვნის დასადებად“, – განაცხადა “გილეადის” წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g