ცნობილი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მისი მამა, ფოთში ცნობილი თერაპევტი, გია გოგინავა, სწორედ კოვიდინფექციით გარდაიცვალა. მამაც და შვილიც საქართველოში ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ, თუმცა თავად ექიმს ვერ უშველა ვერც საკუთარმა გამოცდილებამ და ვერც შვილის დახმარებამ…
როგორც ალექსანდრე გოგინავა ამბობს, კოვიდი თავადაც მძიმედ გადაიტანა, პნევმონია განუვითარდა და ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა.
„მამის შემთხვევაში, დროულად მოხდა ყველანაირი ჩარევა, მაგრამ აუხსნელად წარიმართა ყველაფერი და წუთი არ გავა, რომ მასზე არ ვიფიქრო…“, აღნიშნავს ალექსანდრე გოგინავა.
„ჩემს ცოლსაც ჰქონდა კოვიდი, მაგრამ მსუბუქად გადაიტანა. მაშინ უკვე ფეხმძიმედ იყო, საბედნიეროდ, ვირუსული ინფექცია არ აზიანებს ნაყოფს. მონიტორინგს იტარებს, როგორც ექოსკოპიურს, ისე ლაბორატორიულს და ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონას ველოდებით ივლისის შუა რიცხვებისთვის…“