Coldplay-ის მასშტაბური მსოფლიო ტურნე, გრანდიოზულად გრძელდება. Music of the Spheres World Tour იანვრის დასაწყისში ემირატებში განახლდა, ამჟამად კი სამხრეთ კორეაში მიმდინარეობს.
სეულში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე, ჯგუფმა პუბლიკას სიურპრიზი მოუწყო, რაც პერფორმანსის შთამბეჭდავ მომენტად იქცა.
საქმე ისაა, რომ როიალთან მჯდომმა ბენდის ვოკალისტმა, კრის მარტინმა ყველასთვის მოულოდნელად ჰიტი – Apt. წაიმღერა, რა დროსაც სცენაზე როუზი გამოჩნდა. მქუხარე აპლოდისმენტებისა და ხმამაღალი ოვაციების თანხლებით, მარტინმა თავის თავზე ბრუნო მარსის პარტიის შესრულება აიღო და დუეტიც შედგა.
შეგახსენებთ, რომ Apt. როუზის სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Rosie მთავარი ჩანაწერია, რომელიც ბრუნო მარსთან თანამშრომლობით შეიქმნა.