LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ComCom-ის წარმომადგენლებმა მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

122
1111

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა დუბაიში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციაში (WRC-23) მიიღეს მონაწილეობა, სადაც ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა, ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნეს, რის შემდეგაც მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

სამუშაო შეხვედრა ასევე გაიმართა SpaceX-ის წარმომადგენლებთან, სადაც Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით, საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებსა და შემდგომ გეგმებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა.

მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენცია 3-4 წელიწადში ერთხელ იმართება. მისი მიზანია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში გადახედვა, რომლებიც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებას არეგულირებენ. კონფერენციის მთავარ თემებს რადიოსიხშირული სპექტრის რეგულაციები და მასთან დაკავშირებული სიხშირეების მინიჭებისა და განაწილების გეგმები, არსებული სერვისების სპექტრის საჭიროებები და ასევე  გეოსტაციონარული და არაგეოსტაციონარული თანამგზავრული ორბიტები წარმოადგენს. ღონისძიებაზე ტექნიკური რეგულაციები და პოლიტიკის ელემენტები ეროვნულ სამთავრობო დელეგაციებთან, ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოებთან და რადიოკომუნიკაციების ძირითადი მომხმარებლებისა და პროვაიდერების წარმომადგენლებთან ერთად  გლობალურ დონეზე განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g