„ცოტა დადუმდნენ, ადეკვატურები გახდნენ და მოვიდნენ აზრზე რას, როდის და რა ფორმით ყრანტალებენ. ვურჩევდი ამ ადამიანებს დაფიქრდნენ. ენას დააჭირონ კბილი და ისე ისაუბრონ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში ადეკვატური პასუხი იქნება. იმდენად ადეკვატური, რომ ინანებენ ამ განცხადებებს“, – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს, რომლის თანახმადაც გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია.
ბერდია სიჭინავამ გადაცემაში „დღის თემა“ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს აქვთ მცდელობა მისცენ საკუთარი ვერსია და მიმართულება გამოძიებას.
„ბუნებრივია მოლოდინი იმისა რომ გამოძიება ეფქეტური იქნება და მოკლე დროშო დადებს შედეგს, ან დასჯის დამნაშავეებს იმ პირობებში, როდესაც ეს პოლიცია თავიდან ბოლომდე ჩართულია რეჟიმის სამსახურში, რა თქმა უნდა არ არის. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს.
კონკრეტული სახელების და გვარების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ. გაასაჯაროონ ჯერ ის ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც სრულად ასახავს ორგანიზებულ თავდასხმას გიორგი გახარიაზე და სადაც იდენტიფიკაცია მარტივად იქნება შესაძლებელი ყველა იმ თანამდებობის პირის თუ მათი ხელქვეითების, რომლებიც ამ ორგანიზებულ თავდასხმაში იყვნენ ჩართულები“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.