LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე ზედგინიძის განცხადებით, მას საკუთარი მამა უცხოეთში კონკურსებში მონაწილეობაში ხელს უშლის: „მისგან მხოლოდ წვალება გვაქვს ნანახი…“

5049
ცოტნე ზედგინიძე მთავარზე

აღიარებულ ქართველ ვირტუოზს, 14 წლის ცოტნე ზედგინიძეს პრობლემები აქვს საზღვარგარეთ კონცერტებზე გამოსვლასთან დაკავშირებით. როგორც მის მიერ გავრცელებული ვრცელი სტატუსიდან ჩანს, მას უცხოეთში მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობისას პრობლემას საკუთარი მამა უქმნის.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„უკვე მეოთხედ გოგი არ მიშვებს მე ფესტივალებზე ჩემს ერთადერთ პედაგოგთან – ბებიასთან ერთად. მან ისევ არ შეადგინა ჩემი ბებიასთან გაშვების ნოტარიულად დამოწმებული ნებართვა. ეს ისევ, უკვე მეოთხედ, უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ. ჩემი უმწარესი გამოცდილებით, რომელსაც მისი ყოველი მოქმედება უფრო და უფრო აძლიერებს, მყარად გადაწყვეტილი მაქვს, რომ მირჩევნია 18 წლამდე საერთოდ არ გავიდე საზღვარგარეთ, ვიდრე ის იყოს ადამიანი რომელიც მე გამიყვანს. მე მისთვის ნათქვამიც და მიწერილიც მაქვს ამის შესახებ.  ჩემი ყველა თანატოლი დადის კონკურსებზე და ფესტივალებზე თავის პედაგოგებთან ერთად. ყველას მშობელი აძლევს ნოტარიულად დამოწმებულ ნებართვას, რომ პედაგოგმა წაიყვანოს. არცერთი მშობელი არ ითხოვს ორგანიზატორებისაგან თავისთვის მოწვევას, თუ შეუძლიათ, თვითონ ყიდულობენ ბილეთებს და მიდიან თავისი ფულით. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამჯერ წავედი ჩემს პედაგოგთან – ბებიასთან ერთად, გოგი არც ერთხელ არ წამოვიდა! მას უნდა, რომ ორგანიზატორებმა ის მიიწვიონ და ყველაფერი გადაუხადონ, როგორც ეს 2020-ში მოახერხა ჩემი სპონსორის ფულით (ამის საბუთები სასამართლოს აქვს).

ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძის მამას მიმართავს: „ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა...“

ყველა საკონცერტო ორგანიზაცია თავს შეიკავებს მომავალში მისი მიწვევისაგან...

მისგან ჩვენ მხოლოდ წვალება გვაქვს ნანახი. ბებია ყოველთვის გვიადვილებდა მასთან ყოფნის წუთებს. ბებია რომ არა, არ იქნებოდა არც ის ფოტოები, რომელსაც გოგი სულ გვიღებდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ გამოფენას აწყობს. დედიკოს გარდაცვალების შემდეგ გოგი ცდილობდა ჩვენ დაჯერებას იმაში, რომ იქამდე სულ მასთან ვცხოვრობდით. ნახა, რომ კარგად გვახსოვდა, სად ვცხოვრობდით და ვინ გვზრდიდა და გვზრდის დღემდე. ის გამოგონილი ამბები, რასაც გოგი წერს, არც მიკვირს, ის ყოველთვის ასე მოქმედებდა ჩემთან და ნინიკოსთან, ყოველთვის გვატყუებდა, ჩვენს მიმართ მის მოქმედებებზე გვეუბნებოდა, რომ მას არაფერი ამდაგვარი არ გაუკეთებია. მაშინაც, როდესაც ჩვენ პოლიციაში გვიძახებდნენ მის დაწერილთან დაკავშირებით, მაშინაც როდესაც გვიტაცებდა უამრავი ადამიანის თვალწინ, მერეც ამბობდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ გაუკეთებია. მთელი ცხოვრება მე გოგისგან მხოლოდ ბრძანება, ყვირილი, დაძალება, ტყუილი მახსოვს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება და ჩვენს გამო ასე წუხდება. მე ძალიან მჭირდება კონცერტები, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, გასვლა აუდიტორიის წინაშე, მაგრამ მე მიწევს ამაზე უარის თქმა, სხვა გზას მე გიორგი ზედგინიძე არ მიტოვებს. მას უნდა ყველა ჩემ მოწვევაში იყოს ჩაწერილი, ამისთვის იბრძვის უკვე ორი წელია, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალია თვითონ წავიდეს იქ სადაც უნდა და დაესწროს ნებისმიერ კონცერტს, მე კი მიწვევენ ისე როგორც საერთოდ მიღებულია – მოსწავლეს პედაგოგთან ერთად, ის კი ატერორებს ორგანიზატორებს, ეუბნება მათ, რომ კანონიერი მამის გარეშე არ შეიძლება ჩემი წასვლა და მოწვევა. ბარენბოიმ-საიდ აკადემია, შლოს ელმაუ, აუდი ზომმერკონცერტე, მე მრცხვენია მათ წინაშე. ორგანიზატორებმა ისედაც კარგად იცოდნენ, რომ დედაჩემი გარდაცვლილია და მამა მყავს და წესებიც იციან. შარშან ისევ მოგვატყუა – მომწერა, რომ ნოტარიულად აფორმებდა, რომ მიშვებს და ორგანიზატორებს მისწერა, რომ ის უნდა დაპატიჟონ, თორემ არ გამიშვებს. სასამართლოს მიაწოდა ეს საბუთები ჩვენმა ადვოკატმა აჩიკო კაიკაციშვილმა და სასამართლომ გამიშვა. ეს უნდა დამთავრდეს, მაგრამ არ თავდება. ახლა ისევ ჩვენი ადვოკატის და სასამართლოს იმედი მაქვს.

ჩვენ – მე და ნინიკო, დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ, ზეგ, ისევ სასამართლოში გამოვა გოგი და იტყვის, რომ რასაც ახლა ვწერთ, არის არა ჩვენი თავისუფალი აზრი, არამედ ბებიის ზეწოლით, ან სულაც მისი კარნახით დაწერილი ტექსტი. ამას ისევ ბებიის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობად წარმოაჩენს. გვინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩვენთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ვეცნობით და გვაქვს ამის ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებები შეეხება ჩვენს მომავალს და არც ერთი კანონი არ კრძალავს, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ. გოგის სურს, რომ საკუთარი აზრის არმქონე ადამიანებად გამოგვიყვანოს, არადა ყველაზე მეტად მან იცის, თუ როგორია ჩემი და ნინიკოს პოზიცია, აზრები, სურვილები. ამის უარყოფაა სწორედ მისი პრობლემა. ჩვენ, რაც გვქონდა სათქმელი, სასამართლოს უკვე ვუთხარით. ეს იცის სოციალურმა მუშაკებმა, რომლებმაც ჩვენი ნების საწინააღმდეგო დასკვნები დაწერეს. მე მაქვს ორი არჩევანი – შევეგუო იმ სიცრუეს, რასაც გოგი წერს და ცდილობს ყალბი თანაგრძნობა მიიღოს ადამიანებისგან, ან ადამიანებმა პირადად ჩვენგან მოისმინონ რა არის სიმართლე, რა გვსურს ჩვენ და რა გვინდა მისგან. სირცხვილია გოგი, რასაც შენ გვიკეთებ მე და ნინიკოს“.

ამ თემაზე განმარტებას აკეთებს „კონცეპტარტის“ დამფუძნებელი, პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე:

„მეგობრებო, ცოტნეს საფესტივალო კონცერტს კვლავ საფრთხე ემუქრება, არ ვიცი რა უნდა ვქნათ, როგორ ვუშველოთ.

1-ელ ივლისს ჩვენს პატარა სიყვარულს გერმანიაში, აუდის ფესტივალზე ელოდებიან, სადაც მის მიერ შექმნილი ნაწარმოების პრემიერაა დაგეგმილი. ალბათ, ყველანი ხვდებით, რომ ასეთ ფესტივალებზე მიწვევები თავისით არ ხდება და ამისთვის უდიდესი შრომა გასწია ლიზა ბათიაშვილმა და კიდევ არაერთმა ადამიანებმა. ისიც ხომ იცით, რომ რაც უნდა ნიჭიერი იყოს ბავშვი, თუ მას გარკვეული ოჯახური პრობლემები მოჰყვება ყველა უცხოური ორგანიზაცია თავს აარიდებს სამომავლოდ მასთან ურთიერთობას. ეს მართლა ბავშვსაც კი ესმის და უფროსებს რატომ არ ესმით, რატომ???

ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, პრობლემა შემდეგშია: ცოტნე პირდაპირ და დაუფარავად წერს, რომ არ უნდა მამასთან ერთად გამგზავრება და უნდა, რომ წავიდეს მის პედაგოგ ბებიასთან ერთად.  თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ თუ მამა თავისი გზით ჩავა და დაესწრება მის საფესტივალო კონცერტს, საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მამა კი ითხოვს, რომ ყველა ფესტივალმა და ორგანიზაციამ ცოტნესთან ერთად იგი მიიწვიოს და არა პედაგოგი ბებია.

ცოტნე ამ ფაქტს იმდენად ეწინააღმდეგება, რომ მზად არის 18 წლამდე საერთოდ შეწყვიტოს დაკვრა :(((((

ზოგადად, ყველა მუსიკოსს, ყოველთვის იწვევენ არა მშობლებთან, არამედ პედაგოგთან ერთად! ამ შემთხვევაში დამთხვევაა ის, რომ მისი პედაგოგი ამავე დროს არის ბებია.

ამ დაპირისპირების გამო, ბავშვის კარიერა და მომავალი ზიანდება, კვლავ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს მას ფესტივალში მონაწილეობის მიღებაში!

ცოტნე, მიყვარხარ და შენს გვერდით ვართ ყველანი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g