ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, ღამით, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმნაძე და ბერუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დააკავეს.
ნია იმნაძის დაკავებამდე, მისი სახლიდან, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული, იმნაძის ადვოკატმა სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელა – ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ ადგილზე ხმაური იყო. ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავების დროს, ნია იმნაძე, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება
ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებას მალევე, ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძეც, რომელმაც დაწერა:
„საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის – გიგა ავალიანის – მკვლელებს! საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის! თეთრად გავათენე, მაგრამ ფეისბუქში ვერ შევედი. თუმცაღა გავიგე, რომ „ნიაკოს“ დამცველები გასჩენია…“
„საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო მკვლელებს! იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები, კადრებში მე ვნახე თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
ეკა კუპატაძე სამართლიანობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.
ნია იმნაძის დაკავების კადრებს სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი:
„მართლა არ მჯერა, რომ ამ პოსტის თავიდან დაწერა მიწევს! ეტყობა უნდა ავხსნა. გამოძიება რომ დედამ ჩაატარა, ჩემს გადაცემაში იყო. მისი ვერსიებიც. მოტივიც!
ფაქტიურად საქმე რომ მან გახსნა, მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც მოვისმინე პირველი პირიდან.
აქ საუბარია პროკურატურის მტკიცებულებებზე.
პროკურატურამ რა მტკიცებულებები მოიპოვა, ეს უნდა გასაჯაროვდეს და, იმედია, ამჯერად გასაგებია რასაც ვამბობ.
განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეკა ამბობდა, ყველაფერი წაშლილია ტელეფონიდანო. (ვიპოვი გადაცემაში ამ ეპიზოდს და დავდებ)
გახსნეს ტელეფონი? რა ნახეს? რა მიმოწერა იყო? პროკურატურამ ეს მტკიცებულებები უნდა დადოს“, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს ამავე პოსტის კომენტარებში უპასუხა ეკა კუპატაძემ:
„ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ქვეყანაში ნია იმნაძეებმა, გიორგი მალანიებმა, ალექსანდრე გაბაშვილებმა, გიორგი რიკაძეებმა, დემეტრე ჩიქოვანებმა, ანი ნასყიდაშვილებმა და ანასტასია ბერუაშვილებმა იბატონონ. ჩემთვის აღარც აწმყოა და მით უფრო, არც მომავალი, მაგრამ თქვენთვის დადგება დრო და თქვენი დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ.
ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. ვადასტურებ წარსულში თქვენდამი დიდ პატივისცემას“, – მიმართა ეკა კუპატაძემ ნანუკა ჟორჟოლიანს.
საპასუხოდ, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა:
„ვწუხვარ თქვენს შეფასებას. არც მალანიაზე და განსაკუთრებით სხვა გვარებზე კითხვა არ ყოფილა. ამ ეპიზოდზე თქვენვე ამბობდით, რომ მტკიცებულებები არ იყო და ლეგიტიმური ეჭვი გქონდათ მათი გაქრობის. ყველა იურისტმა იცის, რომ დაკავებისთვის მნიშვნელოვანია ახალი გარემოება. ამ ნაწილში რომ კითხვები დაისვა, რადგან დაკავება 10 თვის შემდეგ მოხდა, რა მტკიცებულებები გაჩნდა, ტელეფონი გაიხსნა, რა ეწერა, ბევრი კითხვაა კიდევ, ეს რომ პრობლემაა მხოლოდ მიკვირს“ – ნანუკა ჟორჟოლიანის აღნიშნული კომენტარს კვლავ გამოეხმაურა ეკა კუპატაძე:
„ვერაფერიც ვერ გაიგეთ. მე თქვენ თქვენს შეცდომაზე გეუბნებით. თქვენი შეცდომა არის დანაშაულის ტოლფასი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია“, –

ცნობისათვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
ეკა კუპატაძის ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“
