პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ირაკლი კობახიძის მიმართ “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეთიკურ ჟურნალისტიკასთან და აგებული იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებაზე, რომელიც ცნობილია საქართველოს მიმართ დეზინფორმაციული განცხადებებით.
„არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ ამ დისკუსიაშიც არის გულწრფელობის ნაკლებობა. სინამდვილეში, ის, რაც აღნიშნა ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომ საქართველოში მედია, სამწუხაროდ, ქცეული არის პოლიტიკურ აქტივისტად. ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც…
ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. ეს არის სამწუხარო ფაქტი! ამაზე უფრო სამწუხარო არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამას თვალი გავუსწოროთ, ვაღიაროთ ის პრობლემა, რაც ქართულ მედიაში არსებობს, ეთიკური ჟურნალისტიკა სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილისთვის აღარ არის ტერმინიც კი.
ის, რომ მედიის დიდი ნაწილი ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად, პოლიტიკის მონაწილე და განმსაზღვრელი, არის პარტიული ინტერესების გამტარებელი, ეს არის ქმნის საბოლოო ჯამში იმ გარემოს, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობდით სამი კვირის წინ, როდესაც ვთქვით, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია რიტორიკის შერბილება. ოპოზიციის ნაწილი არ აგვყვა ამ საკითხში და მედიის ნაწილი არათუ აგვყვა, ბოლო სამი კვირაა ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის, ცილისწამების, ზიზღის ენის გავრცელების ნაკადს.
ერთადერთ რამეს მოვუწოდებ მედიას – ნაცვლად იმისა, რომ შეაბიჯონ პოლიტიკის სფეროში, ჟურნალისტიკის ეთიკური სტანდარტი [დაიცვან]. ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ. მართალია, ამას გუშინ ნაჩქარევი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ შემდგომ როდესაც ნახა ყველამ, როგორი ფორმით იყო ეს კითხვა დასმული, ამაში არ იყო არაფერი, რასაც აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან. ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. არავითარი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა რაღაც „დაგუგლა“. „დაგუგვლაზე“ რომ ჟურნალისტი ააგებს კითხვას და ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როცა ამბობდა, რომ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული.
სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტმა არც კი იცის, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სავარაუდოდ, არც კი იცის, ვისზე და რას საუბრობს. ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ამ კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს მიმართ ცნობილია დეზინფორმაციით. სერიოზულობის მარცვალი მაინც ხომ უნდა იყოს?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.
კობახიძის გაღიზიანება დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.
ამავე თემაზე: