LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინიშნება ქართველი დირექტორი, ჰესის მშენებლობა კვლევების გადამოწმების შემდეგ განახლდება: ნათია თურნავა

148
ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, “ნამახვანჰესის” კაშხლისა წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ რამდენიმე კვლევის ხელახალი გადამოწმება არ მოხდება. 

მინისტრის განცხადებით, გარდა ამისა, კომპანიასთან შეთანხმებას რამდენიმე საკითხზე მიაღწიეს. კერძოდ, ეს ეხება რიონის ხეობისთვის 5 მილიონ ლარიანი ფონდის შექნას და კომპანიის დირექტორს, რომელიც ქართველი იქნება. ნათია თურნავას თქმით,  პროექტის ზედამხედველობისთვის ასევე შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო. 

აღნიშნულ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ქუთაისის მერიის შენობაში მიმდინარეობს. შეხვედრას მინისტრებთან ერთად  „რიონის ხეობის მცველები“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებიან.

„კომპანიას მოვთხოვეთ და რამდენიმე საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების,  კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ  რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას არ გავაკეთებთ. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და  რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება სრულიად ღიად მოხდება.

ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს დააფინანსებს.

მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც  ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს გაუძღვება. ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული, ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“, – აღნიშნა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები